„პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ შეძახილებით „ქალაქი ჩვენია“, „არა პანორამას“.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, დაკავებებით ისინი ვერავის შეაჩერებენ. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, აქციის მონაწილეები ბოლომდე დაიცავენ კულტურულ მემკვიდრეობას, ბოტანიკურ ბაღს, თბილისს.
აქციაზე ისმის შეძახილები - „ხელები შორს ბოტანიკური ბაღიდან“, „ხელები შორს თბილისიდან“.
საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლამდე „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აქციას კოჯრის გზატკეცილზე იმ ადგილას მართავდნენ, სადაც პროექტ ”პანორამა თბილისის” მშენებლობა მიმდინარეობს. აქციაზე სამართალდამცველებმა 5 პირი, მათ შორის თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დააკავეს.