ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში, ჩუთლაშვილების ოჯახში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა, - 45 წლის ნიკოლოზ ჩუთლაშვილმა უფროსი ძმა, 50 წლის ნუგზარი ტრაქტორის კბილანით მოკლა, შემდეგ გვამი სახლიდან ეზოში გაიტანა, თავად კი სახლში შებრუნდა და დაიძინა. გვამი მანამდე იყო უპატრონოდ, ვიდრე გამთენიისას მეზობელმა ქალმა არ იპოვა. აი, რა მოგვითხრობენ ადგილობრივი მკვიდრი.
- სამწუხაროდ, ნიკოს წლებია ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ ძმას თუ მოკლავდა, ამას როგორ წარმოვიდგენდით. მისი შეურაცხადობა უფრო მაშინ ხდებოდა თვალსაჩინო, როდესაც ალკოჰოლს სვამდა. ამ ბოლო დროს, დილიდან დაღამებამდე გზაშარაზე კვიცს დაატარებდა, რომელიც მამასთან ერთად გაზარდა, ამოჩემებული ჰყავდა და წუთით არ იცილებდა. ნუგზარსაც ხშირად ეკამათებოდა და ედავებოდა.
- ძმები ერთად ცხოვრობდნენ?
- გვერდიგვერდ სახლებში - ნიკო მოხუც მამასთან იყო შეფარებული ბინაში, ნუგზარი კი მათ გვერდით, ცალკე სახლში ცხოვრობდა, თუმცა ძმას და მამას ის პატრონობდა. ოჯახი წლების წინ ბედნიერი ოჯახი იყო, მაგრამ ცხოვრებამ გაწირა, - ნიკო ასეთად კი არ დაბადებულა, ძალიან კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ტრაგედია შეემთხვა და იმის შემდეგ წავიდა უკან-უკან მისი ფსიქიკა. ნუგზარიც მეუღლესა და 3 შვილს გაშორდა, შვილებს პატრონობდა, მაგრამ ოჯახი აღარ აღადგინა...