„პოლიციამ მეუღლესთან ერთად გამიტაცა...მცემეს“ – რაში ადანაშაულებს პოეტი კოტე კირვალიძე სამართალდამცველებს და რას პასუხობს მას შსს

„პოლიციამ მეუღლესთან ერთად გამიტაცა...მცემეს“ – რაში ადანაშაულებს პოეტი კოტე კირვალიძე სამართალდამცველებს და რას პასუხობს მას შსს

"ფეისბუქზე" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა პერტაიამ გუშინ პოსტი გამოქვეყნა. პერტაია ნარკოდანაშაულზე დაკავებული ცოლ-ქმარის შესახებ წერდა, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციის "ჩვენი სიმართლისათვის" წევრი და სკანდალური მწერალი კოტე კირვალიძე აცხადებს, რომ შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსმა პოსტი მისი დაკავების შესახებ დაწერა და მისი პირადი ცხოვრებაც გაასაჯაროვა.

კირვალიძე სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ, რუსთავში დააკავეს. ის ამბობს, რომ პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარებას გულისხმობს. კოტე კირვალიძე საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ამ დრომდე იბრძვის.

- ჩემზე დაწერა ის პოსტი თეა პერტაიამ. უბრალოდ ახლა თავს იმით იზღვევენ, რომ იქ არ ეწერა ჩემი და ჩემი მეუღლის სახელები. ჩემი ამბავი ყველგან გახმაურდა და მიხვდა ხალხი ვისზეც ეწერა. ამ პოსტიდან გაირკვა, რომ თურმე მისმენენ, ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, წავიდეთ კარგ ექიმთან, რომელიც ზუსტად დაგიწერს რა სახის დაზიანებები გაქვსო და პერტაიას პოსტის ქვეშ ზუსტად ამ სატელეფონო საუბრის შინაარსი დაწერეს კომენტარებში.

- როდის დაგაკავათ პოლიციამ?

- რუსთავის შემოგარენში ბუნებაში ვიყავი მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად. იქედან როცა ვბრუნდებოდით დავრეკე ტაქსში, გზაზე რომ დამხვედროდა. სანამ ტაქსი მოვიდოდა, მოვარდა პოლიცია და გამიტაცეს მეუღლესთან ერთად. გადამიყვანეს რუსთავის პოლიციაში, უარი ვთქვი ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე და ამის შემდეგ მცემეს. თან ამას ასმენინებდნენ ჩემს მეუღლეს. ყველაზე აღმაშფოთებელი იყო ის რომ სახეში შემაფურთხეს. ასეთი რამ ციხის რეჟიმის დროსაც არ მომხდარა. ამ ყველაფრის შემდეგ გამოდის, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ხელს აფარებს პოლიციელებს, ვინც სახეში აფურთხებს დაკავებულებს. პირდაპირ კრიმინალად გამომიყვანა პერტაიამ, თქვა რომ ხუთჯერ არის ნასამართლევიო, მე ვარ ხუთჯერ ნასამართლევი მოსაწევზე, იმის მაგივრად რომ თეა პერტაიამ თქვას დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, პირდაპირ ბრალს მდებს და ასაჯაროვებს ჩემს პირად ცხოვრებას. ჩემზე ძალადობა პოლიციისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელ ევროპაზე მელაპარაკება თეა პერტაია? რომელი პოლიციის პატივისცემაზე გადის გზა ევროპისკენ, რომელიც იტაცებს ცოლ-ქმარს და ნარკოლოგიურში ურტყამს, აბა მოშარდეო. მრცხვენია, მრცხვენია. ასეთი ხალხი უშლის ხელს საქართველოს განვითარებას. მისი პოსტიდან ბავშვიც მიხვდება რომ ჩემზე წერია. შემდეგ მომისია ძაღლები, მინდა მივმართო დაფიქრდნენ რას აკეთებენ, რისთვის გაჩნდნენ ამ ქვეყანაზე, რას ემსახურებიან, რას აკეთებენ? იციან რომ მართალი ვარ და ხელს აფარებენ პოლიციელებს.

- რატომ არ მიმართეთ გენერალურ ინსპექციას?

- გენერალური ინსპექციისთვის ჯერჯერობით არ მიმიმართავს, ვაპირებ უახლოეს მომავალში შევიტანო განცხადება. თავზე მაქვს დაზიანება, ხელს რომ ვიდებ ძალიან მტკივა, ვაპირებ გადავიპარსო თავი და შესამჩნევი იქნება ეს დაზიანება. რუსთავის პროკურატურამ დაიწყო ამ საქმეზე გამოძიება, სხვათაშორის გულიანად მიუდგნენ ამ საქმეს და იმედი მაქვს ობიექტურად წარიმართება გამოძიება.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია