საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს სასაცილოს უწოდებს. ასე გამოეხმაურა ხიდაშელი ირაკლი ალასანიას მიერ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომ თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს პოლიტიკურ დღის წესრიგს უდგენენ.
თინა ხიდაშელის განცხადებით, ირაკლი ალასანიამ ყველაზე კარგად იცის, რომ ხიდაშელისთვის პოლიტიკური ჩარჩოები არასოდეს არავის დაუწესებია. თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს დადასტურდა მაშინ, როცა კაბელების საქმეზე სამსახურიდან გათავისუფლებულები სამინისტროში აღადგინა.
„ირაკლი ალასანიას პრეტენზიები სასაცილოა, სირცხვილია, მაგრამ ალბათ ხანდახან ადამიანები გაუგებარ არჩევანს აკეთებენ. როცა ვსაუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე, ერთი წლის განმავლობაში ვისმენდი პრეტენზიებს ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან. მთელი ერთი წელია არ გამიცია პასუხი არც ერთი განცხადებისთვის, რადგან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს პაექრობა. ძალიან სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, რთულად გასაგებია რატომ არ გცემენ პასუხს.
საჯაროდ მოვითხოვ თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა, თუ სად იყო უკეთესად შესაძლებელი ქვეყნის დაცვა და მე ეს არ გავაკეთე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისი თქმით, შეურაცხმყოფელია და სირცხვილია, როცა ასეთი განცხადებები ისმის.
„კიდევ უფრო სირცხვილია, რომ ბატონი ირაკლი ჩაერთო იმ რუსულ პროპაგანდაში, რომელსაც პირდაპირ ცეცხლი აქვს ჩემს წინააღმდეგ გახსნილი და დღეს იგი ხელისმომკიდეს პრინციპით ამ მარათონში მონაწილეობს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.