წუხელ, ღამით, 03:00 საათისთვის, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე გოგლიძის კუთვნილი "მერსედესის" მარკის ავტომანქანა გაურკვეველ ვითარებაში დაწვეს, - აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ბასიშვილმა გააკეთა.
ბასიშვილის განცხადებით, ტექნიკური გაუმართაობის ან ბუნებრივად აალების ვერსია არ განიხილება იქიდან გამომდინარე, რომ ავტომანქანა მწყობრში იყო, ამასთან, ავტომობილს ამოღებული ჰქონდა აკუმულატორი.
ბადრი ბასიშვილის თქმით, ალექსანდრე გოგლიძე მოიაზრება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გორის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, ბადრი ბასიშვილის თქმით, ერთ-ერთ მთავარ ვერსიად სწორედ ამ მოტივს განიხილავენ და მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
ალექსანდრე გოგლიძის საკუთრებას წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი სამრეწველო ქარხანა "კულა" . მას 2012 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის პოსტი ეკავა.
წუხელ მომხდარი შემთხვევის შედეგად დამწვარი მანქანა შსს-ს გორის სამმართველოს ტერიტორიაზეა გადაყვანილი.