35 წლის წინ, 13 მაისს მთელი საქართველო დაღამებას ელოდა...

35 წლის წინ, 13 მაისს მთელი საქართველო დაღამებას ელოდა...

35 წლის წინ მთელი საქართველო დაღამებას ელოდა, რომ ტელევიზორს მისხდომოდნენ და თასის მფლობელთა თასის ფინალისათვის ეყურებინათ. ელოდნენ გამარჯვებას, მთელი მსოფლიოსათვის თავის გასაცნობად. იმ დროს ფეხბურთი ერთი იშვიათი "გამონათება" იყო (ქართულ ფოლკლორთან ერთად), ჰოდა ამ ფეხბურთის ფლაგმანი ეიმედებოდა ხალხს...

1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამო", იენის "კარლ ცაისს" ხვდებოდა

"დინამო" მაშინ ქართული სული იყო, ის გაცილებით მეტი იყო ქართველებისთვის, ვიდრე უბრალოდ, გუნდი. ხალხი "დინამოს" თამაშიდან-თამაშამდე არსებობდა. წაგება - ტრაგედია, მოგება ზეიმი იყო. დღევანდელი თაობა, მხოლოდ ტელევიზორთან ვგულშემატკივრობთ უცხო ქვეყნის გუნდებს, მეორე დღეს ვმართავთ დებატებს, "ბარსა" ჯობდა თუ "რეალი"?! "ბაიერნი" უკეთეს ფორმაშია თუ "ინტერი". ადრე ასე არ იყო, რადგან მაშინ საქართველოს "დინამო" ჰყავდა, გუნდი, რომელიც "რეალსაც" უგებდა და "ინტერსაც". ის "დინამო" ძალიან დიდი იყო ქართული მასშტაბისთვის, აკი გააცნო კიდეც თავი მთელ მსოფლიოს. ფეხბურთის მხცოვან უცხოელ გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ "დინამოს" ჩატარებული საფეხბურთო სპექტაკლები, რომლებიც არასოდეს ჰგავდა ერთმანეთს. "დინამოს" თამაში არასოდეს იყო წინასწარ დადგმული, ეს იყო იმპროვიზაციის და ნიჭის ზეიმი.

35 წლის წინ, თამაშის დასრულებისთანავე მთელი ერი გარეთ გამოვიდა, არავინ დაგიდევდათ, რომ სახლ-კარი ცარიელი რჩებოდა. იმ წუთებში სახლში გაჩერება სირცხვილი იყო და ყველა ქუჩისკენ გარბოდა. არადა, სტატისტიკას თუ ვენდობით, 1981 წლის 13 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაული არ დაფიქსირებულა, ეს იყო უდიდესი ზეიმის წამი.

სამწუხაროდ, მას მერე ქართულ ფეხბურთში ეტაპობრივად დაიწყო კრიზისი და დღემდე ამ ერთი დიდი გამარჯვებით ვიწონებთ თავს. ძველი თაობა ნიშნისმოგებით გვეუბნება - "ეჰ, ჩვენ დროს რომ ფეხბურთი იყო, მაგისთანა ახლა სადაა". ვერც ვამბობთ ვერაფერს, ან როგორ უნდა უთხრა, როცა ადამიანს საკუთარი თვალით უნახავს ყიფიანის, შენგელიას, დარასელიას, გუცაევის და სხვათა საოცარი თამაშები.

მაშინდელი "დინამო" დღევანდელ ფეხბურთს თამაშობდა, ლაღს, ლამაზს, ტექნიკურს, გააზრებულს. ამიტომაც გამოირჩეოდნენ მთელ საბჭოეთში საკუთარი სტილით და მანერით.

ალბათ გავა წლები და დღეს არსებულ უტოპიურ იდეას - დროის მანქანას, ფრთები შეესხმება და რეალობად იქცევა, არ ვიცი იმ დროს ცოცხალი ვიქნები თუ არა, მაგრამ თუ ამ წამს მოვესწარი და ამ მანქანით გასეირნების საშუალება მომეცა, ვიცი რასაც ვინატრებ: ვიტალი დარასელიას გოლის გატანის მომენტში სტადიონზე ჯდომას. გოლის, რომლის საშემსრულებლო მანერასაც მსოფლიოს ნებისმიერი ვარსკვლავი მოაწერდა ხელს, გოლის, რომელმაც მთელ საქართველოს განუზომელი სიხარული მიანიჭა და მოგვცა საშუალება, საკუთარი თავით ამაყები ვყოფილიყავით. ეს იყო 1981 წლის 13 მაისს. ამ უდიდესი გამარჯვებიდან 35 წელი გავიდა.

PS. იმედია, მომავალში უფრო დიდ საფეხბურთო გამარჯვებებზეც მოგვიწევს წერა. 

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია