"ჩვენ არ ვართ "პირატები", ანუ უყურებთ თუ არა კინოს ქართულ ინტერნეტსივრცეში კანონის გვერდის ავლით

"ჩვენ არ ვართ "პირატები", ანუ უყურებთ თუ არა კინოს ქართულ ინტერნეტსივრცეში კანონის გვერდის ავლით

თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ფილმის საყურებლად აუცილებელი აღარ არის კინოთეატრში წასვლა და ფულის გადახდა. მარტივად შესაძლებელია "დაგუგლო" ფილმის სახელი და ფართო არჩევანის წინაშე დადგები. ასარჩევი კი მხოლოდ ის იქნება, რომელ ვებ-სივრცეში უყურო ფილმს, რომლის პრემიერაც კინოთეატრებს რამდენიმე დღეში აქვთ დაანონსებული. ეს ერთის მხრივ კარგი გამოსავალია მაყურებლისთვის, თუმცა დიდი დარტყმაა ტელევიზიებისა და კინოთეატრებისთვის.

უკანასკნელი რამდენიმე თვეა, საკუთარი თუ მომხმარებლის უფლებების დასაცავად აქტიური "ბრძოლა" მიმდინარეობს კინოინდუსტრიაში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს შორის. დაინტერესებულ მხარეებად კი ერთის მხრივ ვებ-სივრცეში მოთამაშე საიტები, მეორე მხრივ კი ტელევიზიები და კინოდისტრიბუციის კომპანიაა. საკითხი კი ასე დგას - უნდა შეეძლოთ თუ არა საიტებს იმ ფილმების ვებ-სივრცეში განთავსება, რომელთა ლიცენზიების მოსაპოვებლად მეორე მხარე სოლიდურ თანხას იხდის.

რამდენიმე დღის წინ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ინტერნეტპროვაიდერებს ვებ-გვერდებზე დაუშვებელი პროდუქციის შეზღუდვა მოსთხოვა. ამ შეზღუდვის შედეგად სილქნეტის მომხმარებელს ვებ-სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილმების საიტთან www.adjaranet.com წვდომა შეუწყდათ. თუმცა, adjaranet.com-მა გამოსავალი მარტივად იპოვა და გვერდს მისამართი შეუცვალა, ხოლო აწ უკვე აკრძალული ფილმები საიტზე დატოვა.

AMBEBI.GE სტატიის მომზადების პროცესში არაერთხელ ეცადა adjaranet.com-ის ადმინისტრაციიდან პასუხი მიეღო და მათი პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა საიტის ხელმძღვანელობამ პასუხის გაცემა არ ისურვა, ამიტომ მათ პოზიციას მათივე ფეისბუქის გვერდზე განთავსებული პოსტიდან ვგებულობთ, რომელშიც პორტალი მომხმარებელს "განუმარტავს", რომ აკრძალვა, რომელიც ტელეკომპანია - GDS-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, იბერია TV-ის მიმართვის შემდეგ, მარეგულირებელმა კომისიამ დაუწესა კინო-პორტალებს, მათ არ ეხებათ, რადგან "კინოდისტრიბუციის უფლებები, არ ვრცელდება და არავითარ კავშირში არ არის ინტერნეტსივრცესთან. ამასთან, მათთვის საჩივარით არ მიუმართავს თავად კონტენტის მფლობელს, "იმ ერთადერთ მხარეს, რომელსაც შეუძლია პრეტენზია გამოთქვას საკუთარ ფილმზე, სერიალზე და ა.შ. პორტალი აქვე დასძენს, რომ მსგავსი საკითხი უნდა განიხილოს არა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, არამედ სასამართლომ. ამასთან,  adjaranet განუმარტავს თავის მომხმარებელს, რომ "ჩვენ არ ვართ "პირატები", ჩვენ ვართ სივრცე, რომელსაც სრული უფლება აქვს იმის კეთების რასაც აკეთებს".

საკითხის სამართლებრივად გასარკვევად კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მივმართეთ. საუბრის დასაწყისშივე ხატია ყურაშვილი, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანი განმარტავს, რატომ შედის საკითხის განხილვა არა სასამართლოს არამედ მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაში: "ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის თანახმად განმარტებული არ აარის ელექტრონული კომუნიკაციებით გადაცემული დაუშვებელი პროდუქცია. მათ შორის არის საავტორო და მომიჯნავე უფლების გარეშე გადაცემული პროდუქცია. შესაბამისად ქვენორმატიული აქტი არსებობს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. ის სავალდებულოა შესასრულებლად და კომისია არის ზედამხედვერლი, რომელიც უზრუნველყოფს კანონის დაცვაზე მონიტორინგს. შესაბამისად ეს უშუალოდ კომისიის ფუნქციაა და კომისაუფლებამოსილია".

- მიუხედავად კომუნიკაციების კომისიის მიმართვისა, adjaranet-მა მიდგომა საკითხისადმი არ შეცვალა და კონტენტი ვებ-გვერდიდან მაინც არ მოხსნა. შეიძლება თუ არა პორტალის ქმედება შეფასდეს როგორც კანონზე გვერდის ავლის მცდელობა?

- თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევას და ამ კონკრეტულ შემთხვევასაც ანუ ვებ-გვერდისათვის მისამართის შეცვლას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შეისწავლის ინდივიდუალურად და კანონის შესაბამისად მინიჭებული უფლებით გაატარებს შესაბამის ზომებს. კომისიის პოზიცია იგივე იქნება - რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს მისამართი მოთხოვნა იქნება ერთი - აღიკვეთოს დაუშვებელი პროდუქცია ვებ-სივრციდან.

- რჩება შთაბეჭდილება თითქოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მხოლოდ adjaranet-ს "ებრძვის. საინტერესოა მიმართეთ თუ არა სხვა საიტებს რომელთა რიცხვიც არცთუ ისე მცირეა ვებ-სივრცეში?

- საკითხთან დაკავშირებით კომისიამ თანამშრომლობა ვებ-გვერდებთან დაიწყო დაახლოებით 7 თვის წინ. კომისიაში შემოვიდა რამდენიმე ტელეკომპანიის და მათ შორის კონოდისტრიბუციის, რომელიც კინოთეატრებისთვის ყიდულობს ფილმებს, წერილი. ისინი მოითხოვდნენ მათ მიერ კანონიერ საფუძველზე შეძენილი პროდუქციის ვებ-სივრციდან აღებაში დახმარებას. კომისიაში რამდენჯერმე შედგა სამუშაო შეხვედრა ტოპ 10 გვერდთან, მათ შორის იყვნენ myvideo, imovies და adjaranet. მხარეები შეთანხმდნენ რომ საჭიროა სფეროს მოწესრიგება რაღაც კუთხით დაიწყოს. მათ თანამშრომლობაზეც გამოთქვეს მზადყოფნა. ყველა აცნობიერებდა რომ საქართველოს სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად მყისიერი ჩარევა ვებ-სივრცეში და სრულად არალეგალური კონტენტის დაბლოკვა არ გამოვიდოდა ამ ეტაპზე. ამიტომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოხდებოდა მხოლოდ იმ პროდუქციის აღება გარკვეული დროის განმავლობაში, რაზეც ძვირადღირებული ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული ტელეკომპანიებს და კინოდისტრიბუციას.

14 აპრილს კომისიამ მიმართა myvideo-ს, imovies-ს და adjaranet-ს და უთხრა, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში ან წარმოედგინათ შესაბამისი დოკუმენტაცია საავტორო უფლებაზე, ან აიღოთ ვებ სივრციდან კონტენტი. ორი კომპანია დაემორჩილა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნას, ხოლო adjaranet-მა არ აიღო მასალა. ამ 5-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ უკვე კომისიამ მიმართა ჰოსტინგის პროვაიდერ კმპნანიას და მოსთხოვა იმ ლინკების დაბლოკვა, რომლებზეც იყო განთავსებული ეს კონკრეტული პროდუქტი.

- რაც შეეხება არგუმენტს, რომ ტელეკომპანიების ან თუნდაც კინოდისტრიბუციის უფლებები არ ვრცელდება და არავითარ კავშირში არ არის ინტერნეტსივრცესთან, რამდენათ ათავისუფლებს ეს ვებ-გვერდებს პასუხისმგებლობისგან?

- სხვადასხვა ტელევიზიები და თუნდაც კინოდისტრიბუცია ფილმს ყიდულობს კონკრეტული დანიშნულებისათვის. ყოველი დამატებითი დანიშნულება არის დამატებითი გადასახადი. მაგალითად კინოდისტრიბუცია ყიდულობს ფილმს კინოთეატრში გაშვებისთვის და არა თუნდაც ტელევიზორში ჩვენებისთვის. თუმცა ეს არ ათავისუფლებს ვებ-გვერდებს იმისგან, რომ მათ დაიცვან სხვისი კანონიერი ინტერესები.

ასევე იხილეთ: პირატული მასალების განთავსების წინააღმდეგ ბრძოლა იწყება

ჯონი პატარკაციშვილი, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია