არასამთავრობო ორგანიზაციები სოფელ კორცხელის #53-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტს ეხმაურებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები სოფელ კორცხელის #53-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტს ეხმაურებიან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის #53-ე უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და მხარეებს მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებისკენ, ხელისუფლებას კი ფაქტის დაუყოვნებლივი გამოძიებისკენ მოუწოდებენ. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"სამართლიანი არჩევნები" ზუგდიდში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტს გმობს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედება დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპებს ეწინააღმდეგება. როგორც "სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მედიაში გავრცელებული ვიდეო კადრებით დასტურდება, რომ დაპირისპირების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა.

"#67.17 ზუგდიდის #53 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" აქტივისტებსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეკრებილი აქტივისტები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, ნიკა მელიასა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს აიძულებდნენ დაეტოვებინათ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნული მოთხოვნა ენმ-ს წევრებმა არ შეასრულეს, რის შემდეგაც აქტივისტები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტის შედეგად ენმ-ს რამდენიმე წევრი დაშავდა, მათ შორის გიგა ბოკერია და ნიკა მელია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი იმყოფებოდა, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის განმუხტვა, ხოლო დამატებითი ეკიპაჟები ინცინდენტის ადგილზე მხოლოდ მოგვიანებით მივიდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უბნის მიმდენარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის მობილიზებული იყვნენ სპორტსმენებიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური დაპირისპირებისათვის სპორტსმენების ფიზიკური ძალის გამოყენების სახიფათო პრაქტიკა კვლავ გრძელდება", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ, შეკრებილი აქტივისტები სკანდირებდნენ: "მკვლელებს სკოლაში [უბანი განთავსებულია სკოლის შენობაში] არ ესაქმებათ, გაუმარჯოს "ქართულ ოცნებას". "სამართლიანი არჩევნები" სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ინციდენტის ეფექტური გამოძიება, დროულად მოახდინონ მონაწილე პირების იდენტიფიკაცია და მათთვის უმკაცრესი პასუხისმგებლობის დაკისრება.

განცხადებას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობაც", რომელიც ხელისუფლებას სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის დაუყონებლივი გამოძიებისკენ მოუწოდებს. "მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაადგინოს ჩხუბში მონაწილე პირთა ვინაობა და დააყენოს კანონის შესაბამისად მათი პასუხისმგებლობა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ უზრუნველყოს საარჩევნო პროცესის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობა და მოახდინოს იმ პირთა დაკითხვა, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. მითუმეტეს, რომ პირთა იდენტიფიკაცია მარტივად არის შესაძლებელი. ასევე ვფიქრობთ, რომ პოლიციის თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი, საარჩევნო უბნებთან მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით. ადგილზე პოლიციის უმოქმედობა ან პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობა ართულებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ინციდენტები გავლენას ახდენს არჩევნების პროცესის ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში ჩატარებაზე. "მსგავსი ფაქტების გამოძიების გარეშე დატოვება და პოლიციის უმოქმედობა ხელს შეუშლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებას, რაც საბოლოოდ ქვეყანაში დემოკრატიისა და მმართველობის ხარიხსზე აისახება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის #53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების სწრაფ გამოძიებას ითხოვს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.

"დაპირისპირებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიასაშუალების წარმომადგენლებს. ამ ეტაპისთვის პოლიცია იმყოფება საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა არასაკამრისი რაოდენობით. მსგავსი ფაქტები უაყოფით ზეგავლენას ახდენს კონკურენტულ და თანასწორ საარჩევნო გარემოზე", - ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს, საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებსა და წარმომადგენლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და მშვიდ რეჟიმში დაელოდონ შედეგების შეჯამებას. საია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს: მოახდინონ ზემოაღნიშნული ფაქტის დროული გამოძიება და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება; მოახდინონ პრევენციული ღონისძიებების გატარება, ხოლო სამართალდარღვევისა ან/და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, დროული რეაგირება და შესაბამისი პირების მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება; უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კენჭისყრის პროცედურების მშვიდ ვითარებაში წარმართვა", - ნათქვამია საიას განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია