"მაინც არ ვნებდებით, ბოლომდე ვიბრძვით" - ეკობიჭი უკანა ფშავიდან

"მაინც არ ვნებდებით, ბოლომდე ვიბრძვით" - ეკობიჭი უკანა ფშავიდან

გახსოვთ ალბათ, ვწერდით კიდეც, შარშან, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, წლის ახალგაზრდა, წარმატებულ ფერმერად, 24 წლის ნოდარ ტოხოსაშვილი რომ დაასახელა. სამ წელზე მეტია, რაც უკანა ფშავში, სოფელ ვაკის სოფელში (ზღვის დონიდან 1500 მეტრი) დედასთან ერთად, მეურნეობას უძღვება.

დედა-შვილი გაზაფხულზე, ფშავის ბოლო და უმაღლესი წერტილისკენ, ბორბალოს მთის მიმართულებით მიდის, სადაც შემოდგომამდე რჩებიან და თავდაუზოგავად შრომობენ. მოჰყავთ ბოსტნეული, აწარმოებენ თაფლს და მესაქონლეობას მისდევენ. "რასაც მე ვაკეთებ, ეს არის საშუალება, ოჯახი არჩინო და სხვას არ უყურო ხელებში, ტყუილად არ მოცდე და იმუშაო ისე, როგორც შესაძლებელი იქნება", - ამბობს ნოდარი, რომელსაც საინტერესო გეგმები აქვს.

ახალგაზრდა ფერმერი აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს: ჩაის, დამბალხაჭოს, რძის პროდუქტებს, თაფლს, მოჰყავს ბოსტნეული. სწორედ ამის გამო მას "ეკობიჭი" შეარქვეს.

ზამთარში თოვლი მათ სოფელში თვეობით დევს და მარტის ბოლოს დნება. ამიტომ ზამთარს დედა-შვილი ბარში ატარებს. თუმცა 7-8 წლამდე იმ სოფელში ცხოვრობდა. სკოლა 14 კილომეტრში იყო, რის გამოც პირველ კლასში ვერ წავიდა, სამაგიეროდ, დედას სახელმძღვანელოები ჰქონდა და ამეცადინებდა.

"ალბათ, სკოლა რომ არა, მთიდან ბარში არც ჩამოვიდოდით. დუშეთში დავიწყე სწავლა. თუმცა, გაზაფხულზე სოფელში მივდიოდით და მეურნეობას ვიწყებდით. იქიდან შემოდგომაზე ვბრუნდებოდით და ჩვენი მოწეული დოვლათი ჩამოგვქონდა. ასე გადიოდა წლები, დავამთავრე სკოლა, სასულიერო სემინარიაში ერთ წელიწადს ვისწავლე, მაგრამ ისე მოხდა, რომ სწავლას თავი დავანებე. შემდეგ გერმანიაში გავემგზავრე, მალევე უკან დავბრუნდი, თუმცა გერმანიამ ცხოვრება სხვაგვარად დამანახა: ვნახე გამართული სოფლები, აწყობილი აგროსექტორი, მშრომელი ადამიანები. რატომ არ შეიძლება ისევე ვიცხოვროთ, როგორც იქ ცხოვრობენ?! ამიტომაც წამოვიწყე მეურნეობა", - ამბობს ნოდარი.

პროდუქციას სოციალური ქსელის დახმარებით ყიდის. თავისი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც თავად უკავშირდებიან, თან ისეთ რძის პროდუქტებს ამზადებს, რომელთა შენახვა ხანგრძლივად შეიძლება. ბოსტნეულსაც ასეთი ნიშნით არჩევს. "საქონელს ვქირაობთ მათგან, ვინც ვერ უვლის. პირუტყვს ვიბარებთ, ვინახავთ, შემოდგომით კი უკან ვუბრუნებთ. რძის პროდუქტების ნახევარი ჩვენია და ნახევარი მათი. მაღალხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვაწარმოებთ".

- შენ და დედა მუშაობთ?

- დედა აგრონომია და ძალიან მეხმარება. მიწა დედაჩემს მშობლებისგან ერგო. 2 ჰექტარი სახნავ-სათესია. არც ისე დიდია, დანარჩენი ფერდობი ადგილებია, რასაც საძოვრად ვიყენებთ. ზაფხულში აქ 6-7 ოჯახია, ბოლო 3 სოფელში კი, უკანა ფშავში, ზამთარში მხოლოდ სამი ოჯახი რჩება, ერთმანეთს ეხმარებიან. ბართან გაზაფხულამდე კავშირი არ აქვთ. მთაში, საცხოვრებლად და საარსებოდ ელემენტარული პირობებიც არ არის: ელექტროენერგია და კავშირგაბმულობა სანატრელია...

ქვეყნის მოსახლეობას მთავრობის დახმარება სჭირდება. გასულ ზაფხულს ორთვენახევარი გზა არ გვქონია, ფშავის არაგვმა წაიღო. წელსაც ასეა, იმ დღეს საკუთარი ხელით ვაკეთებდით გზას... ხალხის გასაჭირი მეტად უნდა მიიტანონ გულთან, ხშირად ჰკითხონ, რა სჭირდებათ.

- საგაზაფხულო სამუშაოები დაასრულეთ?

- უკანა ფშავში ეს სამუშაოები მიმდინარეობს, ცოტა ხანში დასრულდება, ნაკვეთი გაიზარდა, სამთო მექანიზაციის ცენტრი გვაქვს (ანუ ხელის ტრაქტორები, რომლებიც შარშან გრანტით გავაკეთეთ). ჭარხალი, სტაფილო, გოგრა და კომბოსტო დამრჩა დასათესი, ასევე ბარდა და "გრეჩიხა", ბროკოლიც უნდა ვცადო.

- წიწიბურის დათესვა რაღაც ახალი მგონია...

- ადრე (30-40 წლის წინ) თურმე თესავდნენ და ალბათ ახლაც მოვა... რამდენიმე დღეში საქონელიც ამოვა ბარიდან, ასევე დაიწყება ფუტკართან მუშაობაც, სხვა ყველაფერი ძველებურად არის. არაგვი, ხომ ვამბობ, გზას აფუჭებს, დღეს ტრაქტორი ავიდა, - მთავარი პრობლემა ეს არის... ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ, ვინც გულთან მიიტანს ჩვენს გასაჭირს, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია, სანამ არ იქნება ყურადღება, აქტივობას არ შევწყვეტთ...

- ე.ი. მთელი ზაფხული ტელევიზორიც არ გაქვთ...

- მხოლოდ მზის ენერგიაზე და ისიც მაშინ, თუ მზიანი დღეა, 2-3 საათი ვუყურებთ. მოკლედ, ქალაქთან კომუნიკაციაც ჭირს, თუ სპეციალური ადგილი არ შევარჩიეთ, ტელეფონით ვერ დავრეკავთ.

- ახლა რამდენი კომლი ხართ მანდ?

- 5. ზამთარში - 3 რჩება.

- რა ტრანსპორტით ადიხართ?

- ბარიდან "უაზით", მერე სხვა მანქანაში ვინაცვლებთ და 4 კილომეტრი უკვე დიდი სამხიდიანი მანქანით ავდივართ... მაგრამ მაინც არ ვნებდებით სიტუაციას, ბოლომდე ვიბრძვით.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია