2014 წლის 13 დეკემბერს შპს RMG-Gold-მა საყდრისი-ყაჩაღიანის კომპლექსში სამუშაოები განაახლა. ამის უფლება მას 2014 წლის 12 დეკემბრის კულტურის მინისტრისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით მიეცა. თვეების განმავლობაში საყდრისის გადასარჩენად ადამიანები კომპლექსს არ ტოვებდნენ, თუმცა რვათვიანი ბრძოლის შემდეგ, საყდრისი ააფეთქეს.
ახლა იქ ერთი დიდი ორმოა, დასაცავი არაფერია, თუმცა სასამართლოში საქმის განხილვა დღესაც გრძელდება. მოსარჩელეები 2014 წლის 12 დეკემბერს მიღებული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვენ. ALLNEWS.GE საქმის მოსარჩელეს, ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს ესაუბრა.
-საყდრისის აფეთქების შემდეგ, საჩივრით მივმართეთ პროკურატურას, შეტანილი გვაქვს არაერთი საჩივარი, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის წინააღმდეგ.
ამ საჩივრების პარალელურად, 2014 წლის დეკემბერში მივმართეთ სასამართლოს და მოვითოხვეთ იმ აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც ააფეთქეს საყდრისი, ვგულისხმობ 2014 წლის 12 დეკემბერს კულტურის მინისტრის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებს, რომლითაც მწვანე შუქი აუნთეს RMG-ის და ააფეთქებინეს საყდრისი.
ჩვენი სასარჩელო მოთხოვნაა, ბათილად ცნონ ეს აქტები. ეს სამართლებრივი დავა საყდრისის აფეთქებიდან მოყოლებული გრძელდება, თუმცა, არ ვიცი საბოლოო გადაწყვეტილება როდის იქნება, ამ ეტაპზე სასამართლოში მოწმეებს კითხავენ.
-ხშირად ისმის კითხვა, რა აზრი აქვს ახლა სასამართლოში ჩივილს, საყრდისი აღარ არსებობს და მას როგორღა უშველით?
-ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი. იმედია ერთ მშვენიერ დღეს პროკურატურა დაიწყებს ძალიან აქტიურ გამოძიებას.