"ამ კადრებით იყო გადარეული და მათ შეეწირა" - ხადას ხეობაში დაღუპული ზვიად თხელიძის უკანასკნელი წუთები...

"ამ კადრებით იყო გადარეული და მათ შეეწირა" -  ხადას ხეობაში დაღუპული ზვიად თხელიძის უკანასკნელი წუთები...

ტელეკომპანია GDS-ის რეპორტიორი ზვიად თხელიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპა. მისი ცხედარი მაშველებმა დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 40 წლის ზვიად თხელიძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

საინფორმაციო გადაცემა "2030"ის პროდიუსერი ეკა შონია ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას ამბობს, რომ ზვიად თხელიძეს ხადას ხეობის გადაღება ოცნებად ჰქონდა ქცეული და, სამწუხაროდ, სწორედ ამ ოცნებას შეეწირა.

ეკა შონია:

- აჩემებული, აკვიატებული ჰქონდა ამ ხეობის გადაღება. ძალიან დიდხანს მიდიოდა ამაზე ლაპარაკი, ძალიან ემზადებოდა.  წაღებული ჰქონდა "დრონი" - კამერა, რომელიც დაფრინავს. ესეც ამოიჩემა, რომ ეს კამერა უნდოდა. როცა ხეობის რაღაც ნაწილი გადაიღეს, "დრონი" დაეკარგათ. ეს შუადღისას მოხდა. კამერის დაკარგვაზე თავი დიდად არავის მოუკლავს, ეს ხეობა ცოტა საშიშია და კამერა სად ჩავარდებოდა, კაცმა არ იცოდა.

უცებ ზვიადი დაიკარგა. დაურეკეს, სად ხარო. ქვემოთ ჩავედი ხეობაში და მალე ამოვალო, უთქვამს. ძალიან გთხოვ, ახლავე ამობრუნდი, მარტო რატომ წახვედი, ამდენი ადამიანი ვართ და თუ წასვლაა, ერთად წავიდეთო, უთქვამს იმ პიროვნებას, ვინც ამ ხეობას კარგად იცნობდა. კი, ახლა ამოვბრუნდებიო, უპასუხა ზვიადმა და ტელეფონი გათიშა.

ასევე წაიკითხეთ: "ვინც დამაფასებთ მიაწერეთ..." - ტრაგიკულად დაღუპული ჟურნალისტის საბედისწერო წინათგრძნობა...

ზუსტად 5 წუთში მეორემ დაურეკა, მაგრამ ტელეფონი უკვე აღარ იჭერდა. გულმა უგრძნო იქ მყოფებს, თუ რა მოხდა, არ ვიცი, იმ წუთშივე დაურეკეს სამაშველო სამსახურს. ძალიან მალე მოხდა მათი მობილიზაცია თბილისიდან, მცხეთიდან, გუდაურიდან. ძებნა დაიწყეს, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, არსად იყო.

...კამერაში, რომელიც დაიკარგა, იდო ჩიპი, სადაც ხეობაში გადაღებული კადრები იყო ასახული. ზვიადი ამ კადრებით იყო გადარეული და რეალურად მათ შეეწირა. ხადას ხეობაში ძალიან საშიში მდინარე მოდის. თან იმ დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო, სეტყვა, წვიმა, ნისლი.

- ანუ, მდინარეში ჩავიდა?

- რა მოხდა, არავინ ვიცით, რადგან იქ მის გარდა არავინ ყოფილა. არ ვიცით, მდინარემ წაიღო თუ მეორე მხარეს გადასვლა მოუნდა. შეიძლება იფიქრა, მეორე მხარეს ხომ არ არის "დრონიო". არის ვერსია, რომ შეიძლება იქვე, მდინარესთან იდგა და მიწა ჩაეშალა. რატომღაც გამოვრიცხავდით იმას, რომ იქ ჩავიდოდა, თან ძალიან თხლად ეცვა.

ვფიქრობ, ზვიადისნაირი ჟურნალისტი დღეს მედიასივრცეს არ ჰყავს. სხვანაირი, ღრმა ადამიანი იყო, ის არ იყო ჟურნალისტი, რომელიც უბრალოდ წავიდოდა რეპორტაჟზე, რაღაცას მოიტანდა და დაამონტაჟებდა, სხვანაირად უდგებოდა იმ საქმეს, რასაც აკეთებდა. მის ნამუშევრებს სხვანაირი დატვირთვა ჰქონდა. ხადას ხეობაში ნამყოფი არ იყო, რაღაცნაირად ეს ჰქონდა ოცნებად. მთის ადამიანი იყო, მთაზე გიჟდებოდა და მთაშივე დაასრულა ცხოვრება.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია