"რუსთავი 2"-ისა და "ტაბულას" პასუხი ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე

"რუსთავი 2"-ისა და "ტაბულას" პასუხი ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე

ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას პასუხობს.

თამარ ჩერგოლეიშვილი შეთავაზებაზე "რუსთავი 2"-ის გადაწყვეტილებას ელოდება და აცხადებს, რომ მოლაპარაკება ამის შემდეგ გაგრძელდება.

"ცხადია, "რუსთავის" სახელით მე ვერ ვისაუბრებ - ჩემი და "ტაბულას" სახელით კი შემიძლია გითხრათ, რომ მე მზად ვარ დავჯდე იქ, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს რესპონდენტი, შევათანხმო საკითხები წინასწარ (მათ შორის, ისინიც, სადაც ივანიშვილს მის მიმართ ცილისწამებისა და სიცრუის ტირაჟირების მხილება სურს) და ვესაუბრო მათ გარშემო. პირდაპირი ეთერი ცხადია პრობლემა არ არის - პირიქით, უკეთესია. თუ მხოლოდ ჩემთვის არ სურს პასუხების გაცემა, შემიძლია თანაწამყვანთან ერთად დავჯდე - მოკლედ, თქვენ გადაწყვიტეთ. მე პრობლემას ვერ ვხედავ. ველოდებით რუსთავის პასუხს და ამის შემდეგ გაგრძელდება მოლაპარაკება", - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ცოტა ხნის წინ უპასუხე ექსპრემიერის შეთავაზებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა.

"რუსთავი 2" ვერ დათანხმდება ბიძინა ივანიშვილისთვის სპეციალური ფორმატის შემუშავებას შემდეგი მიზეზების გამო:

1. ჩვენ გვაქვს თოქშოუს მყარი საეთერო დრო - სამშაბათი, 22.00 საათი, გარდა გადაუდებელი ექსტრემალური სიტუაციებისა (13 ივნისის სტიქია, "რუსთავი 2"-ის სასამართლო საქმე), როგორადაც ამ შემთხვევას არ განვიხილავთ. შესაბამისად, ვერ განვიხილავთ ვერც ერთ სხვა ვარიანტს (შემოთავაზებული იყო ოთხშაბათი);

2. ჩვენ არ ვიღებთ რესპოდენტებისგან ულტიმატუმებს, კითხვების თემატიკა რა საკითხებით იქნება შემოფარგლული (შემოთავაზებული იყო ივანიშვილის წერილი და გაურკვეველი სიცრუის ტირაჟირება ჩვენს ეთერში);

3. ჩვენ არ განვიხილავთ თოქშოუს ფორმატს სხვა (თუნდაც ჩვენივე სარედაქციო ფასეულობების გამზიარებელ მეგობრულ არხთან) ერთად მრავალი ჟურნალისტის მონაწილეობით (შემოთავაზებული იყო ტელეკომპანია "ტაბულასთან" ერთად შერეული ფორმატი);

4. ჩვენ არ განვიხილავთ შესაძლებლად ინტერვიუს სხვა ლოკაციაზე, გარდა "რუსთავი 2"-ის შენობისა (შემოთავაზებული იყო ნეიტრალური ტერიტორია). ჩვენი თოქშოუ "არჩევანი" ყოველთვის ტარდება ჩვენსავე ტერიტორიაზე, გარდ იმ გამონაკლისისა, როცა რესპოდენტი არ იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე. თვით ამ ქვეყნის ყველაზე დასაცავი ფიგურის - საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების გარანტიებს თუ ვაკმაყოფილებთ (და გიორგი მარგველაშვილი არაერთხელ ყოფილა ჩვენი სტუმარი), გაურკვეველია მოქალაქე ივანიშვილის პრეტენზია ლოკაციის შეცვლაზე. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ეს პრობლემა არ შექმნილა და ივანიშვილის ინტერვიუ ჩაიწერა სწორედ საზამუს შენობაში და არა ნეიტრალურ ტერიტორიაზე;

5. ჩვენ სრულიად გამოვრიცხავთ მესამე პირის - ე.წ. მოდერატორის მონაწილეობას ჩვენს თოქშოუში. ამგვარი პრაქტიკა საერთოდ არ არსებობს, თუ საკითხი არ ეხება წინასაარჩევნო დებატებს, სადაც დებატების მკაცრი წესების და დროის ლიმიტების სამართავად იყენებენ მოდერატორებს;

შესაბამისად, ტელეკომპანია "რუსთავი 2" უარს აცხადებს შემოთავაზებულ ფორმატზე და საპასუხოდ სთავაზობს ბატონ ივანიშვილს შემდეგს:

1. წარმოდგენილ იქნეს რესპონდენტად გადაცემა "არჩევანში", ნებისმიერ სამშბათს, 22:00 საათზე, "რუსთავი 2"-ის შენობაში, სანდრო ეულის 5ა.

2. მისთვის დასასმელი საკითხების წრე განისაზღვრება საკუთრივ არხის მიერ და წინასწარ ეცნობება (საკითხები და არა კონკრეტული შეკითხვები) რესპონდენტს;

3. თუ ბატონი ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის ჩვენს ეთერში მასზე გასული ცალკეული გადაცემების შესახებ საუბარს, თოქშოუ არჩევანის წამყვან გიორგი გაბუნიასთან ერთად, გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ის ჟურნალისტები, რომელთა მხილებასაც ის აპირებს სიცრუის ტირაჟირებაში. მხოლოდ ამგვარად მივიჩნევთ შესაძლებლად პოლემიკის ადეკვატურად წარმართვას, რადგან გიორგი გაბუნია ვერ იქნება რელევანტური მაგალითად, ეკა კვესიტაძის ან აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებულ გადაცემებზე დისკუსიის წარსამართად;

4. გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები, ჩვენი პატივისცემის მიუხედავად ჩვენი კოლეგების მიმართ. მოდერაციას განახორციელებს გადაცემის წამყვანი - გიორგი გაბუნია;

5. გადაცემა გადაიცემა მხოლოდ პირდაპირ ეთერში, ვინაიდან, შესაძლოა დადგეს ფორმატის კორექტირების საჭიროება და მასში დამატებით ჟურნალისტების ჩართვის საჭიროება, ჩვენს შემოთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი პასუხი დასაგეგმ ეთერამდე არა უგვიანეს 1 კვირისა", - ნათქვამია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებაში, რომელსაც ის ტელეკომპანიის სახელით ავრცელებს.

ნახეთ: რა პირობებს სთავაზობს ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი 2"-სა და "ტაბულას" პირდაპირ ეთერში მონაწილეობის სანაცვლოდ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია