9 წლის ბიჭის გზავნილი ქალებს

9 წლის ბიჭის გზავნილი ქალებს

სოფო კვაშილავას და ოთარ მელიას თანაცხოვრების პერიოდი 23 წელს ითვლის. ეს ოჯახი სამაგალითოა და მისაბაძი - სამშობლოს 11 შვილს უზრდიან. ირაკლი 22 წლის არის, ამირანი - 20-ის, ანა - 17-ის, დავითი - 16-ის, ნიკოლოზი - 13-ის, გიორგი - 11-ის, პეტრე - 9-ის, ნინო - 7-ის, ეკატერინე - 5-ის, იოანე - 3-ის, ხოლო ბარბარე ჯერ მხოლოდ 1 თვისაა.

იშვიათად შეხვდებით სხვაგან იმდენ სითბოს, ღიმილიან სახეს, გაბრწყინებულ თვალებს, რამდენსაც მელიებთან სტუმრობისას.

- მე ნინო ვარ, 7 წლის, - მორბის ჩემკენ პატარა გოგონა და წამში დავმეგობრდით. ნინო ნამცხვრის რეცეპტს მაცნობს, რომლის გამოცხობაც დედისგან ახლახან ისწავლა.

- მე ეკატერინე მქვია, მეცხრე შვილი ვარ, - მის ზურგს უკან იმალება დაიკო.

- მე პეტრე მქვია, მეშვიდე ვარ, - მეცნობა ყველაზე ცელქი ბიჭი...

ადვილი მისახვედრია, ინტერვიუზე მისული როგორ გარემოში მოვხვდი. სახლის ყველა ოთახიდან და ყველა კუთხიდან ბავშვის ხმა ისმოდა.

არც ერთი მშობელი მრავალშვილიანი ოჯახიდან არ არის, მათ თითო დედმამიშვილი ჰყავთ.

სოფო კვაშილავა:

- ჩვენი მრავალშვილიანობა ეკლესიურმა ცხოვრებამ განაპირობა. მამა ბესარიონს (მენაბდეს) 12 შვილი ჰყავს და მისგან მაგალითი გვაქვს.

ოთარ მელია:

- როდესაც შევუღლდით, ისეთი დრო იყო, ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ქვეყანაში ეკლესია გახლდათ, სადაც ადამიანსა და სულიერებაზე ფიქრობდნენ.

ოთარ მელია პროფესიით მათემატიკოსი, პროგრამისტია და ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს. მომავალი მეუღლე კომაროვის სკოლაში გაიცნო. ერთმანეთი შეუყვარდათ და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ნაადრევად, 17 წლის ასაკში მიიღეს.

უმეტეს შემთხვევაში, ამ ასაკში შექმნილი ოჯახები ერთიანობას დიდხანს ვერ ინარჩუნებს, მაგრამ მელიებმა ეს სტერეოტიპი დაამსხვრიეს.

ოთარი:

- ჩემს სამსახურში იციან, რომ მრავალშვილიანი მამა ვარ. უფროსებისგან, თანამშრომლებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს.

- სახელმწიფოსგან?

- სახელმწიფო არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს. არასდროს არაფრით დაგვხმარებია. ყველას ჰგონია, რომ ან კომუნალურ გადასახადებზე გვაქვს შეღავათები, ან სახელმწიფო სხვაგვარი ფორმით გვეხმარება. სინამდვილეში, საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის კავშირი გაწყვეტილია.

სოფო:

- 1 წელია, რაც ორგანიზაციის "გენი ქართული" წევრი ვარ. ეს ორგანიზაცია მრავალშვილიანმა დედებმა დავაარსეთ და პერიოდულად ვიკრიბებით, მრავალშვილიან ოჯახებში არსებულ პრობლემების შესწავლაზე ვმუშაობთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოვითხოვეთ მონაცემები და აღმოჩნდა, რომ არ არის ცნობილი, საქართველოში რამდენი მრავალშვილიანი ოჯახია. მეტსაც გეტყვით, განსაზღვრული არ გახლავთ, რამდენშვილიანი დედა ითვლება მრავალშვილიანად... როცა იგებენ, რომ ამდენი შვილი გყავს, კერძო ორგანიზაციებისგან, რიგითი ადამიანებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. მაგალითად, რაგბიზე სამი ვაჟი დაგვყავს და მხოლოდ ერთის საფასურს ვიხდით. მუსიკაზე ოთხი ბავშვი დადის და მხოლოდ ორის თანხას ვიხდით. ვისაც კერძო ბიზნესი აქვს, ის შეღავათებს გვიწესებს.

იყო პერიოდი, როცა შვილებს ოქროს და მიწის ნაკვეთებს უტო­ვებდნენ. ჩვენც ვიფიქრეთ ამაზე და მივედით დასკვნამდე, შვილებს რა შეიძლება დავუტოვოთ იმაზე კარგი, რასაც განათლება ჰქვია?

- განათლებასთან ერთად, თქვენ ხომ მათ ყველაზე დიდ სიმდიდრეს - ერთმანეთს უტოვებთ.

- რა თქმა უნდა!

მელიების შემოსავალი მთლიანად შვილების განათლებაზე ნაწილდება. დღეში 100 ლარი კი მათი ოჯახის ჩვეულებრივი ხარჯია.

მელიების უფროსი ვაჟი დაოჯახებულია და ერთი შვილიც ჰყავს. წყვილი ცალკე ცხოვრობს.

- მრავალშვილიან ოჯახებში აღზრდილ ბავშვებს სხვა უნარები აქვთ, რაც შესაძლოა, არ ჰქონდეს დედისერთას. მეთანხმებით?

სოფო:

- ერთად მხიარულად ცხოვრობენ, თანადგომა იციან.

ოთარი:

- ჩემს დას ერთი შვილი ჰყავს და მანაც იცის თანადგომა, გაყოფა. უბრალოდ, აქ ბავშვის აღზრდა უფრო ადვილია. ისინი ერთმანეთისადმი მზრუნველობას თავიდანვე ეჩვევიან. 3-4 წლის ასაკიდან, საკუთარი თავის დასამკვიდრებლად ბრძოლა უწევთ, ცხოვრებისეულ გამოცდილებას ოჯახშივე იღებენ, ერთმანეთისგან ბევრ რამეს სწავლობენ.

- როგორი ემოცია აქვთ, როცა იგებენ, რომ ოჯახში კიდევ ერთი ბავშვი უნდა დაიბადოს?

სოფო:

- ამ ამბავს ყველა დიდი სიხარულით ხვდება. სხვა მრავალშვილიანი დედებისგან გამიგონია, რომ ასეთ დროს უფროსები აღტაცებას არ გამოხატავენ, თითქოს დისკომფორტსაც გრძნობენო. ჩვენს ოჯახში მსგავსი შემთხვევა არ მახსოვს. როდესაც ოჯახის ცხოვრების წესი იციან, აქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება და ან ძმა კიდევ შეეძინოთ.

- სხვადასხვა ქვეყანამ დემოგრაფიული პრობლემა სხვადასხვა ფორმით დასძლია. "გენი ქართული" ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. რა პრობლემები იკვეთება მრავალშვილიან ოჯახებში?

- რამდენი ორგანიზაციაც უნდა შეიქმნას, როგორი წახალისებაც უნდა მოხდეს, ერთჯერადი აქციებით არაფერი შეიცვლება. დემოგრაფიულ პრობლემაზე სახელმწიფომ თუ არ იზრუნა, ყველაფერი ზღვაში წვეთია. მათ მორალური თანადგომაც არ აქვთ: მრავალშვილიან ოჯახებს მადლობასაც არავინ ეუბნება.

ოთარი:

- რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ჩინოსნისგან მოვისმინე განცხადება, რამაც შოკში ჩამაგდო. მან თქვა: ჩვენ შევისწავლეთ მრავალშვილიანი ოჯახების მდგომარეობა, გავეცანით მათ პრობლემებს და გადავწყვიტეთ, რომ ფეხმძიმობისგან თავდაცვის საშუალებებს გავუწევთ პოპულარიზაციასო. ასე "მოაგვარა" მრავალშვილიანთა პრობლემა. ეს წინა ხელისუფლების დროს იყო, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებშიც არაფერი შეცვლილა.

- 11 შვილის მოვლის პარალელურად, საზოგადოებრივ აქტივობას როგორ ახერხებთ?

სოფო:

- ამდენი ბავშვის დედამ რა გასაკვირია, რომ ვთქვა, შინ ძალიან ბევრი საქმე მაქვს-მეთქი?! მაგრამ მამა ბესარიონის მეუღლე, ნინო ამბობდა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ამ ქვეყანაში მრავალშვილიანობა ძალიან კნინდება და უნდა ვიმოქმედოთო. როდესაც "გენი ქართული" დააარსა, მის გარშემო შემოვიკრიბეთ და ვინც რა საქმე ვიცოდით, იმ მხრივ ამოვუდექით მხარში. თუ მანამდე მეგონა, რომ გარეთ გასასვლელად დრო არ მქონდა, აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი ყოფილა დრო და ენერგია შვილების გარდა, სხვა რაღაცებისთვისაც დამეთმო, ვინმეს რამეში გამოვდგომოდი. თან, ბავშვებს არაფერს ვაკლებ, მათ ჩემთან ურთიერთობის დეფიციტი არ აქვთ. რადგან კომპიუტერული პროგრამები კარგად ვიცი, ამ ორგანიზაციაში ჩემი საქმე მრავალშვილიანი დედების ბაზის გაკეთებაა. ინფორმაციას მოვიძიებთ, ვუკავშირდებით და მათ პრობლემას ვსწავლობთ. ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია