რა განათლება აქვთ ქართველ პარლამენტარ ქალებს

რა განათლება აქვთ ქართველ პარლამენტარ ქალებს

საქართველოს პარლამენტში გენდერული ბალანსი საკმაოდ დარღვეულია - 150 პარლამენტარიდან ქალებს მხოლოდ 17 სადეპუტატო მანდატი ერგოთ...

რა განათლება აქვთ ქართველ პარლამენტარ ქალებს, სად და რა პროფესიას დაეუფლნენ ისინი, ამის გარკვევას AMBEBI.GE შეეცადა:

ქალი დეპუტატების ბიოგრაფიის გაცნობისას განსაკუთრებული ყურადღება ფატი ხალვაშის პროფესიამ მიიპყრო. როგორც ირკვევა, ფატი ხალვაში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალში ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის ფაკულტეტზე სწავლობდა და ელექტრული მანქანების სპეციალობასაც დაეუფლა.

იშვიათი პროფესიისაა კიდევ ერთი დეპუტატი ქალი - ნანა ყეინიშვილი. ის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, აგრონომის ფაკულტეტზე სწავლობდა - მისი სპეციალობა კი მეხილეობა, მებოსტნეობა და მევენახეობაა.

პროფესიით ბიოლოგია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხათუნა გოგორიშვილი. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგის სპეციალობა შეისწავლა, თუმცა მოგვიანებით, სწავლა სამართალმცოდნის ფაკულტეტზე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო.

ქიმიკოსია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი - ნინო გოგუაძე. მან განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

პროფესიით ფსიქოლოგ-დეფექტოლოგია პარლამენტის კიდევ ერთი წევრი გუგული მაღრაძე. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა მისი განათლება ამით არ ამოიწურება. მაღრაძე ინგლისური ენის მასწავლებელიც გახლავთ, ამასთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნის სტატუსიც მიიღო.

პროფესიით იურისტია ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. თავდაპირველად კობახიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის პროფესიას დაეუფლა, თუმცა მალევე სწავლა თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში იურისტის სპეციალობით განაგრძო.

პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგია "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი, ქალბატონი ეკა ხერხეულიძე. მან განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე გააგრძელა.

თსუ-ში სამართალმცოდნის პროფესიას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც ეუფლებოდა - ის სპეციალობით იურისტია. ამავე უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე დეპუტატი მარიკა ვერულაშვილიც სწავლობდა.

იურისტის დიპლომი აქვს "რესპუბლიკელ" თამარ ხიდაშელსაც, რომელმაც განათლება კოლეგების მსგავსად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. ამასთან, ის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე, ესექსის უნივერსიტეტში სწავლობდა.

საზღვარგარეთ მიიღო განათლება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამაც. ის ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში სწავლობდა, სადაც დიპლომატიასა და სამართალს დაეუფლა.

ჩიორა თაქთაქიშვილიც თსუ-ში დაეუფლა იურისტის სპეციალობას, სწავლა პარიზში განაგრძო, სადაც საჯარო სამართალი შეისწავლა.

პროფესიით სამართალმცოდნეა თამარ კორძაია, მან განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში მიიღო.

სამართალმცოდნეა დეპუტატი მარიამ საჯაიაც. დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაციით. მაგისტრატურის გასავლელად კი აშშ-ში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაემგზავრა ერთი წლით.

პარლამენტში ორი ქალი დეპუტატი პროფესიით ჟურნალისტია - ანი მიროტაძე და ელისო ჩაფიძე, თუმცა ამ უკანასკნელს სამართალმცოდნისა და გერმანული ენის სპეციალისტის დიპლომებიც აქვს.

მრავალფეროვანი პროფესიების მქონე ქალ დეპუტატებს შორის ერთი ექიმიცაა - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დარეჯან ჩხეტიანი ექიმის სპეციალობას მოსკოვის ი.სეჩენკოს სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ეუფლებოდა.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა რუსა შელიამ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."