შსს-მ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავა, ორი კი პასუხისგებაში მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი: 1968 წელს დაბადებული თამარ წ., 1980 წელს დაბადებული ლაშა ა. და 1987 წელს დაბადებული ირაკლი კ. დააკავეს, ხოლო 2 წევრი: 1950 წელს დაბადებული ელენე ქ. და 1997 წელს დაბადებული თეო ნ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
როგორც "ამბები.გე"-ს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სხვადასხვა დროს, ოფიციალური სანოტარო აქტების გაყალბების შედეგად, 4 მოქალაქის კუთვნილ 6 ბინასა და მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლებები თაღლითურად მოიპოვეს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ქონებრივმა ზიანმა ჯამში 2 130 110 ლარი შეადგინა.
"გამოძიება საქართველოს სსკ-ს 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ", "გ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, სსკ-ს 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ს 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.