როგორ ინაწილებენ "სითი პარკი" და მერია დაჯარიმებული მძღოლების ფულს - რა წერია ორმხრივი ხელშეკრულების გასაიდუმლოებულ პუნქტებში

როგორ ინაწილებენ "სითი პარკი" და მერია დაჯარიმებული მძღოლების ფულს - რა წერია ორმხრივი ხელშეკრულების გასაიდუმლოებულ პუნქტებში

2007 წელს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, შპს "ამაგონის" და შპს "შოჰარ პარკინგ სერვისის" კონსორციუმმა გაიმარჯვა. აღნიშნულმა კომპანიებმა შპს "სითი პარკი" დააფუძნეს, რომელიც 2007 წლიდან მონოპოლისტი გახდა თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხში.

მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, თბილისის მერიასა და შპს "სითი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულების ყველა დეტალი მხოლოდ 2 წლის წინ გახდა ცნობილი. წლების განმავლობაში, სხვადასხვა ორგანიზაციები ცდილობდნენ მოეპოვებინათ ორმხრივი ხელშეკრულების სრული დეტალები, თუმცა ეს დღემდე შეუძლებელია. "სითი პარკსა" და მერიას შორის ურთიერთობის შესახებ Palitranews-მა კომენტარი მერიის შესაბამისი უწყებებისგან ითხოვა, თუმცა ტელეკომპანიის სურვილი, დაფიქსირებულიყო მერიის პოზიცია, უყურადღებოდ და უპასუხოდ დარჩა.

"ახალგაზრდა ადვოკატები" ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში "სითი პარკსა" და მერიას შორის დადებული გასაიდუმლოებული დოკუმენტის შინაარსის და სამართლებრივი ნორმების გარკვევის შესახებ მუშაობს. არჩილ კაიკაციშვილი, დოკუმენტის გრიფით საიდუმლოებასთან დაკავშირებით იურიდიული ასპექტებით საუბრობს: "ხელშეკრულება არის კაბალური და მხოლოდ ორიენტირებულია კომპანიის ინტერესებზე. ხელშეკრულების ცალკეული პუნქტები კი, გაუგებარი და ბუნდოვანია".

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გაშიფრა დოკუმენტის შინაარსი და აღმოჩნდა, რომ დღემდე კომერციულ საიდუმლოდ იყო მიჩნეული ისეთი საკითხები, როგორიცაა ფორსმაჟორი (მუხლი 13.5), კონფიდენციალურობა (მუხლი 15), ასევე ინფორმაცია მრჩეველთა კომიტეტის შექმნისა და წევრობის დეტალების შესახებ (4.1 დანართის მე-4 მუხლი). მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი სი-ტი პარკის მიერ თბილისის მერიისთვის წარდგენილ ანგარიშებში დაფარული არ ყოფილა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ "სითი პარკის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული იყო, რომ მას ქ.თბილისში პარკირების სფეროს მართვის უფლება 15 წლის ვადით მიენიჭა, ქ.თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების (2007 წლის 7 დეკემბრის) მე-3 მუხლი, რომლითაც ეს ვადები განისაზღვრა, საიდუმლოდ იყო მიჩნეული.

ამას გარდა, პარკირების წესის შეცვლის გათვალისწინებით თბილისის მერია და "სითი პარკი" მორიგდნენ, რომ სითი პარკი მიიღებდა 3 ლარს პარკირების ყოველი ჯარიმიდან, ხოლო ის თანხა, რაც დარჩებოდა "სითი პარკის" მიერ საკუთარი მინიმალური წლიური თანხის მიღების შემდეგ, კვლავ 40-60%-ით გადანაწილდებოდა "სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის. იურიდიულად ეს და სხვა პუნქტების შინაარსი ნიშნავს იმას, რომ სითი პარკი დამკვეთთან, ანუ მერიასთან შედარებით ბევრად უკეთეს პირობებშია ჩაყენებული.

დოკუმენტის თანახმად ისიც ირკვევა, რომ თუ მერია სითი პარკთან ხელშეკრულებას გაწყვეტდა მისი ვადის გასვლამდე, ამ უკანსკნელს კომპენსაციის სახით 25 მილიონი ლარის გადახდა მოუწევდა.

ხელისუფლების ცვლილების, კერძოდ კი თბილისის მერად დავით ნარმანიას არჩევის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მერია "სითი პარკის" საერთოდ აღკვეთას თუ არა, კაბალური პირობების შემსუბუქებას მაინც მოახდენდა. "პალიტრა ტვ"-ს სტუდიაში სტუმრობისას ამის შესახებ დავით ნარმანიამ განაცხადა:

"დიდი ხანი ვეღარ გაჩერდება თბილისში. ძალიან კაბალური ხელშეკრულებაა. ერთი რამ რაც დანამდვილებით ვიცით, ეს არის ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რაც ხშირ შემთხვევაში დამატებითი დისკომფორტია. "სითი პარკთან" ძალიან მძიმე საუბარი გვაქვს და ასევე გაგრძელდება, იმისათვის რომ მივაღწიოთ იმას, რაც ასე სჭირდება ქალაქს" - განაცხადა თბილისის მერმა.

განცხადება განცხადებად დარჩა, სითი პარკი კვლავ აგრძელებს შეუცვლელი ხელშეკრულებით ფუნქციონირებას. საინტერესოა, რატომ? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ხელშეკრულების გასაიდუმლოებულ პუნქტებშია...

როგორ ახდენს "სითი პარკი" დაჯარიმებული მოქალაქეებიდან ფულის ამოღებას, ამ საკითხზე Palitranews-მა ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა - იხილეთ ექსპერიმენტის შედეგები და დაჯარიმების შემდგომი ქმედებების ქრონოლოგია ვრცლად Palitranews-ის სიუჟეტში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია