საქართველოში რომ მომხმარებლების უფლებები დაცული არ არის, ეს ძველი ამბავია, თუმცა ის, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდული მაღაზიები კლიენტებს, ახლის ნაცვლად, მეორად ტექნიკას მიჰყიდიდნენ, ამ დრომდე ძნელად დასაჯერებელი იყო. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ასეთი ფაქტი "აიფონ პლუსში" უკვე გამოავლინა და კომპანიაში დოკუმენტაციის შესწავლას შეუდგა. "აიფონ პლუსი" კი ბრალდებას უარყოფს და საგამოძიებო სამსახურს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
აღმოჩნდა, რომ "აიფონ პლუსი" პირველი არ არის, ვინც მეორად ტექნიკას ახლად ასაღებს. როგორც მომხმარებელთა უფლებადამცველები ამბობენ, ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, ოდესაც უკვე გამოყენებული ტექნიკა, მათ შორის მობილურები და კომპიუტერები, მყიდველისთვის არანაკლებ ცნობილ ბრენდულ მაღაზიაშიც მიუყიდიათ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს "აიფონ პლუსსა" და შპს "ეფლსიტიში" ორშაბათს შევიდა. როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შპს "აიფონ პლუსისა" და შპს "ეფლსიტის" მიმართ და გამოძიების ფარგლებში განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები.
"მოხდა საკონტროლო შესყიდვა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, "აიფონის" ბრენდის რამდენიმე მოდელი არ არის ქარხნულად ახალი და უკვე ნამყოფია ექსპლუატაციაში, არადა აღნიშნული ფირმის ობიექტებში ასაღებდნენ, როგორც ახალ ტელეფონებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ მომხმარებელს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და ექსპლუატაციაში ნამყოფი მობილური ტელეფონების ქსელიდან ამოღება ექსპერტიზის ჩატარების მიზნით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
"აიფონ პლუსი" მეორადი ტელეფონების ახალ ტელეფონებად გაყიდვის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით "აიფონ პლუსი" პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, ბიზნესომბუდსმენსა და საქართველოს სახალხო დამცველს ოფიციალური წერილით მიმართავს. კომპანია გიორგი კვირიკაშვილსა და ნოდარ ხადურს მოუწოდებს, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ, რათა "არ შეილახოს კომპანიის ინტერესები და ამ უწყების მოქმედებები იყოს სამართლიანი და მხოლოდ მტკიცებულებებზე დამყარებული".