პირველი კვარტლის საინვესტიციო ბუმი - ამ რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ბოლო 8 წელია საქართველოს არ უნახავს

პირველი კვარტლის საინვესტიციო ბუმი - ამ რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ბოლო 8 წელია საქართველოს არ უნახავს

376 მილიონი დოლარი - ეს, 2016 წლის პირველი კვარტლის საინვესტიციო მონაგარია. კრიზისული 2015 წლის შემდეგ ინვესტორებმა ერთობ მოინდომეს, პირველ კვარტალში ამ რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ბოლო 8 წელია საქართველოს აღარ უნახავს.

პირველი კვარტლის საინვესტიციო რეკორდად 2008 წელი ითვლება. იმ პერიოდში საქართველოში ინვესტორებმა - 537 მილიონი დოლარი შემოიტანეს. მას შემდეგ ქვეყანას უცხოელი ბიზნესმენები დიდად აღარ წყალობდნენ. წლების განმავლობაში მთავრობა, ინვესტიციების მოსაზიდად, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის მიუხედავად, 1 მილიარდიან საინვესტიციო გეგმასაც ვეღარ ასრულებდა. 2009 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები 114 მილიონ დოლარამდე დაეცა, მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში მხოლოდ 658 მილიონი დოლარი შემოვიდა.

პირველ კვარტალში საინვესტიციო მაჩვენებელმა 300 მილიონიან ზღვარს 2014 წელს გადააჭარბა, თუმცა, 2015 წელს გაუფასურების გზაზე დამდგარმა ლარმა და მასზე მიბმულმა ეკონომიკურმა კრახმა ინვესტიციების შემოდინება ისევ დაამუხრუჭა.

2016 წელს ყველასთვის მოულოდნელად, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტციებმა 103 პროცენტიანი ნახტომი გააკეთა და როგორც უკვე აღვნიშნეთ 376 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

საქართველოში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია, ტრადიციულად, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგში იდება. წელს ამ მიმართულებით უკვე 200 მილიონი დოლარი შემოვიდა. საფინანსო სექტორში 58 მილიონი დოლარი ჩაიდო და როგორც იქნა ენერგეტიკის სექტორმა 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო. სოფლის მეურნეობა და დამამუშავებელი მრეწვლეობა ისევ ადგილობრივი ინვესტციების იმედზეა, ამ დარგებისთვის უცხოელმა ინვესტორებმა მხოლოდ 3-3 მილიონი დოლარი გაიმეტეს.

ქვეყნიდან სოლიდური მოცულობის კაპიტალი გაედინება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საინვესტიციო მონაცემებში, საყურადღებოა ერთი დეტალი, 2016 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის კაპიტალი გავიდა - 955 მილიონი დოლარი, ამ თანხის დიდი წილი უცხოური ვალდებულებების გასტუმრებაზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ქვეყნიდან გასული ინვესტიციების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. ძირითადად, ხდება უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებში მოგების რეპატრიაცია თავის სამშობლოში ან კიდევ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ამ ინვესტიციის გადინება. შესაბამისად, შემოსულ და გასულ ინვესტიციებს შორის, თანდათანობით, სხვაობა ძალიან მცირდება. 2015 წლის მონაცემებით, ბოლო 5 წელიწადში საქართველოდან 4,5 მილიარდი დოლარის კაპიტალი გავიდა. ამ პერიოდში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა კი მხოლოდ 6 მილიარდია. ფაქტობრივად, ინვესტორებს რაც შემოაქვთ ისევ უკან გააქვთ, როგორც ჩანს მათთვის საქართველოში რეინვესტირება არც ისე მიმზიდველია.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."