როგორ წაართვა კეზერაშვილმა "სენტა პეტროლიუმი" მფლობელებს - დეტალები გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესიდან

როგორ წაართვა კეზერაშვილმა "სენტა პეტროლიუმი" მფლობელებს - დეტალები გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესიდან

სააკაშვილის ხელისუფლების დროს წართმეული ბიზნესი და კიდევ ერთი საქმე კეზერაშვილის და მისი ყოფილი კომპანიების წინააღმდეგ - 10 ივნისს გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესი გაიმართა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, კეთილსინდისიერ მეპატრონეებს დავით მიმინოშვილს და ზაალ იაკობიძეს შ.პ.ს. "სენტა პეტროლეუმისა" და შ.პ.ს "ბემონის" ქონება იძულებითა და მუქარით გადააფორმებინა "გალფის" ბრენდის ქვეშ მოქმედ შპს-ებზე: "სან პეტროლიუმ ჯორჯია Sun Petroleum Georgia"-სა (ყოფილი შპს "სან ოილ ჯორჯია") და შპს "ჯორჯიან პეტროლიუმ ექვითისზე".

ბოლოს გამართულ სასამართლო პროცესზე საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე, დავით კეზერაშვილის ყოფილი მოადგილე მამუკა მუჯირი დაიკითხა. კეზერაშვილის მოადგილემ აღიარა, რომ ყოფილმა მინისტრმა "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებლებს ბიზნესი ძალადობრივი გზით, მუქარის და არაადამიანური ზეწოლის გამოყენებით წაართვა.

2010 წლის ნოემბერში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებლები დაიბარა ე.წ. "პიქსელი"-ს შენობაში და შპს "სენტა პეტროლიუმის" და შპს "ბემონის" აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე, შეუსაბამოდ დაბალ ფასად, მიყიდვა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა უარი მიიღო, 2012 წლის მაისში კომპანიის ორივე დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე და დავით მიმინოშვილი აბსურდული ბრალდებით დააპატიმრებინა.

არაადამიანური მოპყრობის, შანტაჟის, სიცოცხლის მოსპობის მუქარის გზით, საბოლოო ჯამში, დავით კეზერაშვილმა აღნიშნული ბიზნესი ფაქტობრივად უსასყიდლოდ მიითვისა. წართმეული ქონების ბაზაზე კეზერაშვილმა და მისმა კომპანიონებმა შექმნეს ახალი კომპანია "გალფი", რომელიც ბაზარზე ამჟამადაც ოპერირებს.

მამუკა მუჯირმა "პიქსელის" შენობაში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა, რისი თვითმხილველიც თავად იყო: "იმ ხელისუფლების პირობებში კეზერაშვილი რომ რაღაცას გთხოვდა ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ ან დაგიჭერდნენ, ან სხვა ზემოქმედებას მოახდენდნენ. ზაალ იაკობიძეს და დავით მიმინოშვილს დამუქრებია კიდეც პირველივე შეხვედრაზე, რომ თუ არ დაეთანხმებოდნენ ბიზნესის გადაცემაზე, ვერ დაამთავრებდნენ კარგად. მერე იქ პირდაპირი მუქარები იყო, რასაც მე შევესწარი. დაჭერითაც დაემუქრნენ და სიცოცხლითაც. მე თვითონაც შევესწარი გარკვეულ მოვლენებს.

ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ზოგადად ვიცით, იმ პერიოდში საქართველოში რაც ხდებოდა - სულ იყო მმართველი გუნდის 3-4 ადამიანი, რომელიც წყვეტდა ნებისმიერი ადამიანის ბედს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი დათო კეზერაშვილი იყო. კეზერაშვილის ნათქვამი ავტომატურად ნიშნავდა ადეიშვილის ნათქვამსაც და მერაბიშვილის ნათქვამსაც. რას ქვია იტყოდა დაგიჭერო და არ შეასრულებდნენ მერაბიშვილი, ან ადეიშვილი?

2010 წელს, თუ არ მეშლება ნოემბრის ბოლოს, 23 ან 24 რიცხვი იყო დამირეკეს იაკობიძემ და მიმინოშვილმა. მივედი მათთან ოფისში მიცკევიჩის ქუჩაზე და მომიყვნენ, რომ დაბარებული ჰყოლიათ პიქსელის შენობაში კეზერაშვილს და მოუთხოვია მათი კუთვნილი ქსელის მისთვის გადაფორმება.

მოსამართლე: რას ნიშნავს დაბარებული ჰყოლია? ასე იბარებდა კეზერაშვილი ხალხს? ვინ იყო კეზერაშვილი იმ დროს, რომ ვინმე დაებარებინა?

"კეზერაშვილი იმ დროს ჩვეულებრივი რიგითი ბიზნესმენი იყო. ზოგადად, იმ ხელისუფლების პირობებში კეზერაშვილი როდესაც დაიბარებდა გასაგები იყო, რომ იქ ბიზნესს დაათმობინებდა, თუ სხვა რაღაცას იზამდა მგონი, ყველასთვის ცნობილია, როგორც ხდებოდა ხოლმე ასე ვთქვათ ბიზნესის "ახევა".

სხვის შემთხვევაში რას შვებოდა არ ვიცი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვიცი, რომ დაურეკეს, დაიბარეს კეზერაშვილთან პიქსელის შენობაში, მეათე სართულზე ჰქონდა კაბინეტი, სადაც შეხვედრია და მოუთხოვია, რომ თქვენი ბიზნესი უნდა წავიღოო.

იმ ხელისუფლების პირობებში კეზერაშვილი რომ რაღაცას გთხოვდა ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ ან დაგიჭერდნენ, ან სხვა ზემოქმედებას მოახდენდნენ. დამუქრებია კიდეც პირველივე შეხვედრაზე, რომ თუ არ დაეთანხმებოდნენ, ვერ დაამთავრებდნენ კარგად.

მერე იქ პირდაპირი მუქარები იყო, რასაც მე შევესწარი. დაჭერითაც დაემუქრნენ და სიცოცხლითაც. მე თვითონაც შევესწარი გარკვეულ მოვლენებს. შემდეგ დღეებში, ამ მოვლენებიდან სადღაც ერთი თვის ფარგლებში ისევ დამირეკეს იაკობიძემ და მიმინოშვილმა და მითხრეს, რომ ყოველდღე იბარებდნენ იქ. ხან კეზერაშვილი ხვდებოდა, ხან კეზერაშვილს პარტნიორები ჰყავდა ებრაელები, გვარები აღარ მახსოვს. ძირითადად ისინი ზემოქმედებდნენ მათზე.

შეხვედრები იყო პიქსელის შენობაში, ძირითადად მეცხრე სართულზე, მოლაპარაკების დარბაზი ჰქონდათ და კეზერაშვილის ებრაელი პარტნიორები იქ ისხდნენ, ვისგანაც მოდიოდა აგრესია ამათ მიმართ. თუ არ მეშლება, ორი, ან სამი ეგეთი შეხვედრის დამსწრე ვარ. იქ მუდმივი მუქარა იყო, რომ ციხეში წავიდოდნენ, ცოცხლები ვერ გამოვიდოდნენ და ა.შ. ეს მოდიოდა იმ პარტნიორებისგანაც და კეზერაშვილისგანაც".

მოსამართლე: კეზერაშვილთან ოფისში იჭერდნენ ხალხს?

მამუკა მუჯირი: არა, იქ ოფისში არ იჭერდნენ, მაგრამ გამოვიდოდა იქიდან, ჩაუდებდნენ რაღაცას და დაიჭერდნენ, რა პრობლემა იყო მათთვის.

როგორც ჩემთვის შემდეგ გახდა ცნობილი, დაითანხმეს იმ 22 მილიონზე და მოაწერინეს ხელი. კეზერაშვილი თავიდან არ იყო ნავთობ პროდუქტების საქმეში. მილიონი მიმართულება იყო, რასაც ეძებდა, საით განეხორციელებინა თავისი ბიზნეს საქმიანობა. ერთ-ერთი იყო სამშენებლო ბიზნესი. მაშინ დაინტერესება იმაზე იყო, რომ "მარიოტი" აშენებდა მეორე კორპუსს რუსთაველზე და "ნოლას" ჰქონდა მოგებული ამის აშენების ტენდერი. ინტერესი იყო, რომ აწი ჩვენ ავაშენოთო. მაგრამ მერე ჩაიშალა.

ასეთ თემებს ეძებდა. შემდგომში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაიწყო ბიტუმის შემოტანა. ასფალტის დამგებ ფირმებს ამარაგებდა თვითონ და საკმაოდ მალე მიაღწია წარმატებას. დანარჩენს აღარავის შემოჰქონდა. შემდეგ ამ ბიტუმის თემებით შევიდა ნავთობის ბიზნესშიც. დაიწყო საწვავის იმპორტი, რა თქმა უნდა, თვითონ როდესაც ეს დაიწყო სხვა ფირმებს შეეზღუდათ აღნიშნულ საქმიანობაში მონაწილეობა. გარკვეულ ზეგავლენას ახდენდნენ მათზე, ან არ უნბაჟებდნენ, ან პრობლემებს უქმნიდნენ."

ადვოკატი: თქვენ თქვით, რომ პირველ შეხვედრაზე კეზერაშვილს უთხარით, დაენებებინა თავი იაკობიძისა და მიმინოშვილისთვის, რაზეც გიპასუხათ, რომ საკითხი გადაწყვეტილი იყო ზევიდან, სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი სახელდებოდა.

მამუკა მუჯირი: მიშასთან, ვანოსთან და ადეიშვილთან შეთანხმებული მაქვსო, ასე თქვა.

ადვოკატი: უშუალოდ კეზერაშვილმა გითხრათ, ასე თუ არ მოიქცევიან, ციხიდან მოუწევთ გადაფორმებაო?

მამუკა მუჯირი: დიახ, უშუალოდ კეზერაშვილმა პირადად მითხრა და დააყოლა, ვისთვის მიგვიცია 9 წლის განმავლობაში ფული, შენ თვითონ არ იცი, როგორ ხდება ქონების გადაფორმება და ჩუქებაო. მადლობა თქვან, რომ იმ 28 მილიონს ვაძლევთო.

მოსამართლე: ადეიშვილი და მერაბიშვილი რა შუაში იყვნენ? რაიმე ბიზნეს ინტერესები ჰქონდათ?

მამუკა მუჯირი: ჩემი აზრით, ასეთი მსხვილი ინვესტორის შემოყვანა როცა ხდებოდა, ცხადია, დასხდებოდნენ და იმსჯელებდნენ. მარტო კეზერაშვილს ხომ არ მოუვიდოდა თავში.

(R)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ