პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა - ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა - ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

გვინდა განვმარტოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ გამოძიების შედეგებზე, მხედველობაში არ გვაქვს მხოლოდ ცალკე აღებული რომელიმე საგამოძიებო მოქმედების შედეგი, ჩვენ ვითვალისწინებთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივ, თანმიმდევრულ და ლოგიკურ ანალიზს.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს. მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის მიერ დასახელებული თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახი ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

"ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს შევიტყვეთ პროკურატურის პოზიცია. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებების პერიოდში გამოძიებამ შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ ინფორმაციას, რაც გასაჯაროვდა არ ეთანხმებიან არც ოჯახის წევრები და არც ოჯახის ადვოკატები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გაგი მოსიაშვილმა.

"შემიძლია გითხრათ, რომ თვითმკვლელობის ვერსიას არ ვეთანხმებით, ხვალ გვექნება პრესკონფერენცია და უფრო დეტალურად ვიტყვით დანარჩენს. ამ პოზიციაზეა ეროსი კიწმარიშვილის მეუღლეც. უფრო არგუმენტირებულად და დეტალურად ვისაუბრებთ ხვალ", - "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს გარდაცვლილი ბიზნესმენის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ