დაცვის მხარე "ქართული ოცნების" ლიდერების ფარული მოსმენების საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს

დაცვის მხარე "ქართული ოცნების" ლიდერების ფარული მოსმენების საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს

დაცვის მხარე "ქართული ოცნების" ლიდერების ფარული მოსმენების საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამოტანილი განაჩენით არ შეიძლება ითქვას, რომ დაცვის მხარე დამარცხდა.

"ბუნებრივია, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი მივიღეთ ყველაზე მძიმე მუხლში და მთელი ამ პროცესის განმავლობაში ის გარემოებები, რასაც პროკურატურა გვეუბნებოდა, რომ ხიზანიშვილმა ჩაიდინა, რომც დადასტურდეს, იქ არ გვქონდა გაფლანგვის მუხლი. მოსამართლემ გაიზიარა ჩვენი ეს მოსაზრება, თუმცა არ დაგვეთანხმა, რომ საერთოდ დანაშაული არ იყო ჩადენილი და გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების გადამეტებით. როცა დასაბუთებულ განაჩენს მივიღებთ ალბათ ამ ნაწილშიც გავასაჩივრებთ", - განაცხადა ჭაბაშვილმა და დასძინა, რომ ორწლიანი სასჯელი საჭირო არ იყო და ამაზე სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

თავის მხრივ, საქმის პროკურორი, ლევან ადეიშვილი მიიჩნევს, რომ წარდგენილი ბრალდებები ყველა დადასტურდა, უბრალოდ, მისი განმარტებით, ერთ-ერთ, გაფლანგვის ეპიზოდში სასამართლომ მიიჩნია, რომ კვალიფიკაცია არასწორად იყო წარდგენილი.

"ქართული ოცნების" ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა რამდენიმე წუთის წინ შეეფარდათ.

უფრო კონკრეტულად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვაჟა ლელუაშვილს თავისუფლების 3 წლით, ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი 1 წლითა და 6 თვით აღკვეთა განესაზღვრათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 24 ივნისს დასრულდა, რის შემდეგაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა სათათბიროდ გავიდა. 24 ივნისს გამართულ სხდომაზე ბრალდებულებმა, საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებოდათ.

საქმე ეხება 2012 წლის არჩევნებამდე „ქართული ოცნების" ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერების კომპიუტერული ვირუსის გზით მოპოვებასა და გამოქვეყნებას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ