რატომ დაჩაგრა თემიკო ჩირგაძე საბჭოთა ცენზურამ - უცნობი ფაქტები ვაჟა ზაზაევიჩის ცხოვრებიდან

რატომ დაჩაგრა თემიკო ჩირგაძე საბჭოთა ცენზურამ - უცნობი ფაქტები ვაჟა ზაზაევიჩის ცხოვრებიდან

"...არ შეიძლება ეს გაუთავებელი შეხვედრები, გაუთავებელი ბანკეტები... აღარაა საშველი, შეხედე ერთი, რა ამბავია? შეიძლება ასეთი რამე? ყველაფერი გამიგია, ცხენბურთი გამიგია, წყალბურთი გამიგია, ფეხბურთიც გამიგია, ეს მოტობურთი რა უბედურებაა?.. ჩვენ ვინ მოგვასვენებს, დეფიციტში საშინელი გარღვევა გვაქვსო. გვექნება, აბა, არ გვექნება?!

"...ჩემო სოსო, წავიკითხე შენი "ცისფერი მთები, კიდევ რაღაც ჰქვია, - ორი სათაური რად უნდა, ჩემო სოსო?"

"...გავდივარ ახლა, დამაწიეთ გზაში საშტატო განრიგი და წლიური ბალანსი"...

ეს ცნობილი ფრაზები თემიკო ჩირგაძის მიერ განსახიერებული ვაჟა ზაზაევიჩის დაუვიწყარ პერსონაჟს ეკუთვნის, ელდარ შენგელაიას ფილმიდან - "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი". პროფესიით ექიმის ცხოვრებაში ეს როლი გამორჩეულ ნამუშევრად დარჩა, რომელიც მართლაც შეუდარებლად ითამაშა.

ელდარ შენგელაია, კინორეჟისორი: "თემიკოსთან მუშაობა ძალიან მეადვილებოდა. თუ მარტო იყო, იმ ეპიზოდის მხოლოდ ორ-სამ დუბლს ვიღებდით. დიდი ძალისხმევა არ მჭირდებოდა იმის ასახსნელად, თუ რა უნდა გაეკეთებინა. ერთი სიტყვა საკმარისი იყო, რაც მინდოდა, ყველაფერი ზუსტად შეესრულებინა. არ იფიქროთ, ვაჟა ზაზაევიჩის როლი იმიტომ შეასრულა ასე კარგად, რომ მის ხასიათს პასუხობდა. პირიქით, ვაჟა ზაზაევიჩი არაფრით ჰგავდა მას.

თემიკო თბილი, გულღია ადამიანი იყო, რომელსაც დიდი უნარი ჰქონდა, რომ სხვისი დარდი თუ სიხარული გაეზიარებინა. სიმართლე გითხრათ, გული მწყდება - როდესაც ჩემს ფილმს სახელმწიფო პრემია მიანიჭეს, თემიკო არ დააჯილდოვეს. თავად საყვედური არასოდეს უთქვამს. პირიქით, სულ მეუბნებოდა, ერთი ფილმი კიდევ გადაიღე ჩემი მონაწილეობით და ახლა ლენინის პრემიას მიიღებო...

ისეთი დიდი გულის ადამიანს, როგორიც თემიკო იყო, იშვიათად შევხვედრივარ. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, რომლის ამ ქვეყნიდან წასვლამ დიდი სიცარიელე დამიტოვა... უმისობამ ჩემი ცხოვრება გააუფერულა".

თავად თემიკო ჩირგაძე კი ერთ-ერთ ჩანაწერში საკუთარ კინოგამოცდილებაზე ასე საუბრობდა: "მართალია, რამდენიმე სურათში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ არ ვკეკლუცობ და ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვლაპარაკობ, რომ არ ვთვლი თავს პროფესიონალ მსახიობად. სულ სხვა პროფესია მაქვს, სხვა დარგში და საკმაოდ კარგი თანამდებობა, მაგრამ მთელი ჩემი სიცოცხლე და ცხოვრება ყოველთვის ვიყავი ხელოვნების ადამიანებთან ერთად: ლიტერატორებთან, რეჟისორებთან, მწერლებთან, პოეტებთან, მსახიობებთან"...

6 წელი რუსეთში, კალუგის ოლქში საავიაციო ნაწილში სამხედრო ექიმად მუშაობდა და იმ წლებს საუბარში ხშირად იხსენებდა... სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი უკვე აქ საქმიანობდა. მარტო იმიტომ არა, რომ კინოში გადაიღეს, მანამდეც პოპულარული კაცი იყო, ყველას უყვარდა, თბილისში კარგად იცნობდნენ. იმის გამო, რომ ექიმი იყო (პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა), თუ რამე დასჭირდებოდა ნაცნობს თუ უცნობს, მათ შორის, ცნობილ თბილისელებს, თემიკოს აკითხავდნენ.

მსახიობი იმედა კახიანი ჩვენთან საუბარში აი, რას ჰყვება: "კი, თემიკოს, საჭიროების შემთხვევაში, ყველანი ვაკითხავდით, ეს იყო ანალიზები თუ სხვა რამ, ისიც გვეხმარებოდა. მას და სესილია თაყაიშვილს კი საოცარი ისტორიები აქვთ ერთად, ამ მიმართულებით გადახდენილი...

თემიკო საოცრად ენამოსწრებული კაცი იყო, ძალიან განათლებული, კულტურული, ისეთ ოჯახში იყო აღზრდილი, სადაც ლიტერატურასა და ხელოვნებაზე მუდმივად ლაპარაკობდნენ... ის და მისი თაობა საოცრად ნიჭიერები იყვნენ, მათ განათლება, გამოცდილება და ნიჭი ქვეყანას მოახმარეს. როგორც გითხარით, შესანიშნავი ენამოსწრებული კაცი იყო, სიტუაციას ისე აფასებდა, სპექტაკლებს დგამდა, რაც სრული იმპროვიზაცია გახლდათ და ადამიანები აღფრთოვანებაში მოჰყავდა... ასევე იყო პოპულარული თამადა და ამ საქმეს თავს გამორჩეულად ართმევდა. მღეროდა, უკრავდა, მისი ყოველმხრივი განათლება, ნიჭიერება ყველაფერში მჟღავნდებოდა, ყველას უყვარდა. ზოგადად ყურადღებიანი ადამიანი იყო, კარგი მეგობრობა იცოდა.

- მის როლს "ცისფერ მთებში" როგორ აფასებთ, რითიც მასობრივად ცნობილი გახდა?

- როგორც ვიცი, კიდევ იყო სხვა ფილმებში გადაღებული. ერთ-ერთი ელდარ შენგელაიას "არაჩვეულებრივი გამოფენაა", სადაც თამადობდა სუფრასთან, - იყო ასეთი ეპიზოდი, მაგრამ საოცრად კარგი იყო "ცისფერ მთებში". სხვა ვერც წარმომიდგენია მაგ როლზე, უფრო კარგად და კვალიფიციურად მეეჭვება, ვინმეს ამ საქმისთვის თავი გაერთმია, ეს როლი ასე მოხდენილად შეესრულებინა. თავიდან ერიდებოდა, მორცხვობდა, არც არის გასაკვირი, მსახიობი არ იყო და ამხელა სამუშაოსი ეშინოდა, პასუხისმგებლობაზე ფიქრობდა, მაგრამ შესანიშნავი ნამუშევარი გამოვიდა...

თუმცა მოხდა საოცრება, როდესაც ფილმი სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს, ყველას მისცეს პრემია და თემიკოს არა...

- რატომ?

- მოტივი - სისულელე იყო, - არაპროფესიონალი მსახიობიაო. რას ნიშნავდა ეს, არ ვიცი, ვერ ვხვდები, როცა საუცხოოდ ითამაშა. რა მნიშვნელობა ჰქონდა, მსახიობი იყო, თუ ექიმი?! თავის საქმე ხომ შეასრულა?! მოკლედ, ასე დაიჩაგრა ჩვენი თემიკო...

- ქალაქის კოლორიტად იყო მიჩნეული...

- საუკეთესო ქალაქელი კაცი იყო. ახლა ამ სიტყვას ხშირად არასწორად ხმარობენ, თემიკო მართლა ქალაქელი გახლდათ, რომელსაც აქაურობა უყვარდა. თბილისელობა მხოლოდ თბილისში დაბადება და გაზრდა არ არის. მნიშვნელოვანია, რა სიკეთე მოგიტანია იმ ადგილისთვის, სადაც ცხოვრობ. რითი მჟღავნდება, რომ ქალაქელი ხარ... მოკლედ, ამის მიღწევას საბოლოოდ ბევრი რამ უნდა. ზოგიერთი ჩამოდის და ისეთი ცნობილი ხდება, ყველა ქალაქელზე პოპულარული, მაგრამ თბილისელს სხვა თვისებები აქვს, გარდა იმისა, რომ სახელოვანი ხარ და ძალიან გიყვარს ქალაქი, თავს გაწირავ მისთვის... მაგრამ თემიკომ სოფლისაც ბევრი რამ იცოდა, ვერ წარმოიდგენთ, სოფელში არ უცხოვრია, მაგრამ ისეთი რაღაცების ცოდნას გამოამჟღავნებდა, ისე უყვარდა თავისი ქვეყანა, გაოცდებოდით. სოფელიც უყვარდა და ქალაქიც.

ზემელზე ცხოვრობდა, კინოსახლთან ახლოს, თუმცა ხომ ვამბობ, ყველა უბანს თავისი თვისებებით ახლოს იცნობდა. ზოგადად დიდ სიყვარულს ატარებდა.

თემიკოს შესანიშნავი შვილები ჰყავს (ქალიშვილი და ვაჟი) ასევე მეუღლე, ქალბატონი კლარა, რომელზე შეყვარებული იყო და სიყვარულით ჰყავდა შერთული. მთელი ცხოვრება ერთად იყვნენ ისე, რომ ძნელი წარმოსადგენი იყო მათი დაშორება, მაგრამ თემიკოს შემდეგ კლარა დაიჩაგრა... ჩვენმა თაობამ ბევრი გასაჭირი ნახა, ომის პერიოდი, შიმშილი, მშობლებთან დაცილება, სიბნელე, ნავთისა და პურის რიგებში, მაგრამ კაცს რომ იუმორის გრძნობა აქვს (თივითონ შეიძლება არც ეცინებოდეს), ყველაფრიდან გამოსავალს პოულობს და ცხოვრებას გიმსუბუქებს. ამიტომ თემიკოსთან ცხოვრება და ურთიერთობა სასიამოვნო და საინტერესო იყო.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: "გული მწყდება... ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, არავის გახსენებია" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება