"9-ტომიან საქმეზე 2 საათში გამოიტანეს ვერდიქტი" - პაპიძის ადვოკატები სასჯელის გასაჩივრებას აპირებენ

"9-ტომიან საქმეზე 2 საათში გამოიტანეს ვერდიქტი" - პაპიძის ადვოკატები სასჯელის გასაჩივრებას აპირებენ

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, დაცვის მხარე სასჯელის გასაჩივრების გადაწყვეტილებას, სასჯელის დანიშვნის სხდომის გამართვის შემდეგ მიიღებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფხალაძემ განუცხადა, ჯერჯერობით ადვოკატებს მაგდა პაპიძესთან კონტაქტი არ ჰქონიათ. მისივე თქმით, სასჯელის დანიშვნის სხდომას ბრალდებული აუცილებლად დაესწრება და გასაჩივრების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული, რადგან საკასაციო წესით მხოლოდ სასჯელის ვადა შეიძლება გასაჩივრდეს და არა ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტი.

"ნაფიცი მსაჯულები ორსაათნახევარში რომ გამოვიდნენ სათათბირო ოთახიდან, უკვე ცალსახად გასაგები იყო რასაც იტყოდნენ. 9-ტომიან საქმეზე 2 საათში გამოიტანეს ვერდიქტი. ისეთი კითხვის ნიშნები იყო და იმდენად ბევრი საკითხი იყო განსახილველი, რომ შეუძლებელია 2 საათში ამაზე ესაურათ და ერთხმად მიეღოთ გადაწყვეტილება. მინიმუმ ამ კითხვის ნიშნებზე უნდა ემსჯელათ მაინც. ამ პოზიციიდან გამომდინარე, უკვე მჯერა, რომ არჩევის დღიდან, როგორც ჩანს, ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ ნაფიცი მსაჯულები საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ, რომელიც მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის მიმართ იყო შექმნილი.

როგორც ცნობილია, ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. დაახლოებით ორსაათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

სასჯელის დანიშვნის სხდომა მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ 6 ივლისს ჩანიშნა. მაგდა პაპიძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სასჯელის ზომას, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს. ამ მიზნით სასამართლო სხდომა 6 ივლისს, 11.00 საათზეა ჩანიშნული. მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს. მას ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წაიკითხეთ: რა შემთხვევაში შეძლებს მაგდა პაპიძე ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის გასაჩივრებას

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ