დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული ცენტრის ექიმის დავით წულაიას განცხადებით, ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. მისი ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი გონზეა და კითხვებზე ადეკვატურად პასუხობს. ექიმის განცხადებით, მძიმეა მეორე დაშავებულის, გიორგი ლომინაძის მდგომარეობა, რომელიც ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
"მერაბ კვირიკაშვილს აქვს ფილტვების დაჟეჟილობა და ამჟამად იმყოფება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ, პაციენტი გონზეა და ადეკვატურად პასუხობს კითხვებზე. მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მეორე პაციენტი გიორგი ლომინაძეა. მას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. აქვს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვალის მოტეხილობა, ტრამვული შოკი, ქალა-ტვინის ტრამვა. სისხლის დიდი რაოდენობით დანაკარგი. უტარდება შესაბამისი მკურნალობა. იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე რეამინაციულ განყოფილებაში", – განაცხადა ექიმმა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და და "ლელოს" წევრი გიორგი ლომინაძე მძიმე ავარიაში მოყვნენ. შემთხვევის დროს სპორტსმენებთან ერთად მათი მეუღლეები იმყოფებოდნენ. ოთხივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საზარელი ავარია ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.