პოლიციელების ცემის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ქალი თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას წელიწადია უშედეგოდ ითხოვს. საქმე ეხება მარტვილის სოფელ ბანძის პოლიციაში მომხდარ ინციდენტს. ამ საქმეში დაზარალებულად ოფიციალურად პოლიციელები ცნეს, ხოლო 7 პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, აქედან 2 ქალია.
2014 წლის 16 ოქტომბერს სოფელ ბანძის პოლიციის შენობიდან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ხელბორკილდადებული ბრალდებული თემურ გაბუნია გაიქცა - გამოძიების მტკიცებით, მისი დაკავებიდან 10 წუთში პოლიციის შენობას ნათესავები და მეგობრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს: მალხაზ კვესელავას, ანდრია სილაგავას, ალეკო ჯღარკავას, გოჩა წულაიას, ავთანდილ ჯოჯუას და ალექსანდრე გაგუას, რის შემდეგაც სამორიგეო ოთახიდან გააქციეს თემურ გაბუნია. პროკურატურა საქმეში ბრალდებულებს თავდაპირველად პოლიციელების ცემას, მათთვის წინააღმდეგობის გაწევასა და დაკავებულის გაქცევის ორგანიზებას ედავებოდა. მოგვიანებით ბრალდება შეიცვალა და მათ სასჯელი მხოლოდ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით შეუფარდეს. 5 პირს: ბოჩია ასაბაშვილს, ვაგნერ წულაიას, შალვა პატარაიას, გოგიტა კეკელიასა და ცოტნე გაბუნიას პატიმრობა შეეფარდათ, მაია და ინეზა კეკელიებს კი, 3-3 ათასლარიანი ჯარიმა. ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი სარჩელი დასაშვებად არ ცნო.
მაია კეკელია:
- 2015 წლის 16 ოქტომბერს ჩემი დისშვილი, თემურ გაბუნია, მეგობრის გარდაცვალების 5 წლისთავზე მის სასაფლაოზე იყვნენ, როდესაც პლანის მომხმარებლის ასაყვანად მათთან პოლიციელები მივიდნენ, მაგრამ... მან გაპარვა მოახერხა. პოლიციელ ავთანდილ ჯოჯუას ჩემი დისშვილისთვის უთქვამს, გეგმა მაქვს შესასრულებელი, დღეს ვინმე რომ არ მივიყვანო განყოფილებაში, საქმე ცუდად მექნება, ამ ბიჭებიდან ყველაზე სუფთა შენ ხარ, გამომყევი შემოწმებაზე და გამოგიშვებო. თემურს პოლიციის შენობაში ბიჭები გაჰყვნენ... ახლობელმა შემატყობინა, თემური დაიჭირესო. ბიძაშვილთან, ინეზა კეკელიასთან ერთად წავედით პოლიციაში. იქ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. თურმე ჩემი დისშვილი ყველას ეხვეწებოდა, შენობაში არ შემოხვიდეთ, გავივლი შემოწმებას, არაფერი აღმომაჩნდება და გამომიშვებენო. პოლიციის შენობაში ჩემი დისშვილის მეგობრები, ზურაბ ბახია, ზურაბ ქუთელია და შოთიკო კარტოზია ვიცანი. შენობაში სიბნელე იყო, მაგრამ დავინახე ვიღაც შავმაისურიანი მამაკაცი ძირს დაგდებულს წიხლს როგორ ურტყამდა და თან მეგრულად იგინებოდა, ციხეში ამოგალპობთ ყველასო. პოლიციელებსაც აგინებდა, ყველა დაიჭირეთ, თორემ ყელს გამოგჭრითო. მივვარდი ამ შავმაისურიანს, ძირს დაგდებულს რატომ ურტყამ-მეთქი, შემაგინა და მუშტი ჩამარტყა, იქვე გული წამივიდა.