"ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი მოკლა, ბესელიამ პოლიტპატიმრად გამოუშვა..." - ვინ დაინიშნა პრეზიდენტ მარგველაშვილის კონსულტანტად?

"ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი მოკლა, ბესელიამ პოლიტპატიმრად გამოუშვა..." - ვინ დაინიშნა პრეზიდენტ მარგველაშვილის კონსულტანტად?

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტანტად პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

დოლიძე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირმა ნადირაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ივა ჩიღვინაძე ის პირია, რომელმაც 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი, ვლადიმერ მანსურაშვილი მოკლა და შემდეგ პატიმრობიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

იხილეთ ვიდეო| მარგველაშვილის მრჩეველის აღიარებითი ჩვენება

ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: "მაინტერესებს, მართალია თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარგველაშვილმა თავის მრჩევლად ივა ჩიღვინაძე დანიშნა. ეს ის ჩიღვინაძეა, რომელმაც 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი, ვლადიმერ მანსურაშვილი მოკლა და რომელიც ბესელიამ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა" - წერს ნადირაშვილი სოციალურ ქსელში.

ნადირაშვილს დღეს ანა დოლიძე გამოეხმაურა:

"თავის ჩვეულ სტილში "ნაციონალური მოძრაობა", ამჯერად მტკნარი სიცრუით აგრძელებს უკვე მეორე წრეზე იმ ხალხის დევნას, რომელიც თავის დროზე მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში და რომელიც უკვე ერთხელ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ეს სამწუხარო რეალობა არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების უნიათობის ბრალი ნაწილობრივ. ივა ჩიღვინაძე ნამდვილად იმუშავებს პრეზიდენტის კონსულტანტად და მისი უშუალო საქმე იქნება სწორედ ის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა წინააღმდეგობით მოძრაობაში, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და იყო პოლიტიკურად დევნილი, სრულად აღდგეს საკუთარ უფლებებში", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მყოფ პირთა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით, ივანე ჩიღვინაძეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 4 წელი მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა მოეხადა, 4 წელი ჩაეთვალა პირობითად.

2011 წლის აგვისტოში, ჩიღვინაძის საქმეზე, საქალაქო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია:

"2011 წლის 25 მაისს, ივანე ჩიღვინაძე მონაწილეობას ღებულობდა თბილისში, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი მოძრაობა "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ აქციაში, რომელიც ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ სანქციონირებული იყო 2011 წლის 25 მაისის 24:00 საათამდე. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული ვადის გასვლისას იმყოფებოდნენ პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და მონაწილეობას ღებულობდნენ არასანქციონირებულ აქციაში, მათი მიმართულებით წასული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დანახვაზე აქციის მონაწილეების ნაწილმა, მათ შორის ივანე ჩიღვინაძემ, მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია.

ივანე ჩიღვინაძე სხვა პირებთან ერთად ჩაჯდა მისი მართვის ქვეშ მყოფ თეთრი ფერის "ტოიოტა-ლენდკრუიზერის" მარკის ავტომანქანაში და მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" მიმართულებით გაემართა. აღნიშნული მიმართულებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიციის თანამშრომლები იდგნენ, რომლებმაც ივანე ჩიღვინაძეს ხელის მოძრაობით ანიშნეს, რომ ავტომანქანა გაეჩერებინა და მათ კანონიერ მოთხოვნას დამორჩილებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ივანე ჩიღვინაძემ ნათლად დაინახა პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნა ის არ დაემორჩილა მათ, საგრძნობლად მოუმატა მანქანის სიჩქარეს და ზემოაღნიშნული ავტომანქანით პოლიციელების კორიდორში მყოფ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს გიორგი დათიაშვილს დაეჯახა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ივანე ჩიღვინაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გიორგი დათიაშვილი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ავტომანქანის შეჯახების შედეგად გიორგი დათიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."