ე.წ. კანონიერი ქურდი დავით ჩაჩიბაია-გერლიანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არც ერთ პუნქტში ცნობს. როგორც გერლიანმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა, მის მიმართ განხორციელებულ უკანონობაში ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გია ლორთქიფანიძეს და გივი თარგამაძეს მიუძღვით, რომელიც ერთი გუნდია.
"როდესაც რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს აძევებენ ქვეყნიდან, ადგენენ ან გამოძევების ან დეპორტაციის ოქმს. ჩემი დაკავებისას მქონდა ორი პასპორტი, რომელიც ადასტურებდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე წინაღობის გარეშე შემეძლო გადაადგილება, თუმცა თავხედურად მომიტაცეს და ჩემთვის აიღეს მხოლოდ ცალმხრივი ბილეთი. ლორთქიფანიძე, თარგამაძე, სააკაშვილი არიან ერთი გუნდის წევრები. მშვიდად გადმოვედი საზღვარზე რადგან ვიცოდი, რომ არ მექნებოდა პრობლემა, მაგრამ რომ ჩამოვედი გავიგე, ჩამოსვლამდე სამი საათით ადრე უთქვამს თარგამაძეს - "კანონიერი ქურდი" ჩამოვიდა რომელსაც არ აკავებენო. ხომ არ გგონიათ რომ ეს არის საბიტაჟი უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ არჩევნების წინ? თუ ლორთქიფანიძე თვლის, რომ "კანონიერი ქურდი" უნდა დააკავოს, პირველ რიგში დააკავოს სააკაშვილი, რომელიც ფართოდ იყენებს კანონს და დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადის", - განაცხადა გერლიანმა.
გერლიანი საქალაქო სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ მისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხზე იმსჯელა.