რას მოუტანს საქართველოს რუსეთ-თურქეთის "დამთბარი" ურთიერთობა - ექსპერტების ანალიზი

რას მოუტანს საქართველოს რუსეთ-თურქეთის "დამთბარი" ურთიერთობა - ექსპერტების ანალიზი

გუშინ პეტერბურგში რუსეთისა და თურქეთის პირველი პირების შეხევდრა გაიმართა. ბოლო დროს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, შეხვედრისას ერდოღანმა პუტინი "ძვირფას მეგობრად" მოიხსენია. რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისაგან ამაზე კომენტარი ექსპერტებს მამუკა არეშიძესა და კახა გოგოლაშვილს ვთხოვეთ:

მამუკა არეშიძე:

- რუსეთი და თურქეთი ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებული იყვნენ (მათ შორის ერდოღანის მმართველობის პერიოდშიც), თუმცა მათ თანამშრომლობას რეგიონზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ამ ქვეყნებს ისეთი მჭირდო ურთიერთობა ჰქონდათ, რომ მათი სავაჭრო ბრუნვა 40 მლრდ დოლარს აღწევდა, მაგრამ ორ ქვეყანას შორის მაინც იყო დაპირისპირება, რომელსაც ისტორიული საფუძველი ჰქონდა და, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს დაპირისპირება მუდამ გაგრძელდება, მიუხდავად იმისა, როგორ დასრულდება პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკება.

- რას უნდა ველოდოთ ამ მოლაპარაკებისაგან?

- შესაძლოა, მათ დაგეგმონ საერთო ღონისძიებები სირიასთან მიმართებაში ან სხვა რამე მოიფიქრონ, თუმცა მგონია, რომ ეს არ იქნება ხანგრძლივი პერსპექტივის. ჩვენ უკვე 20 წელია ვუყურებთ რუსეთ-თურქეთის თბილ ურთიერთობას და ჩვენთვის ამას არც დიდი სიკეთე მოუტანია და დიდი ზიანი. ასე რომ, მე არ მგონია რაიმე განსაკუთრებული შეიცვალოს. თუმცა არსებობს ერთი გარემოება: ორივე ქვეყანა ცდილობს საკუთარი პოზიციის განმტკიცებას სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე. ამას ისინი სხვადსხვა ფორმით აკეთებენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთთან მტრობის დროშა ავაფრიალოთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავნსაზღვროთ ამ ინტერესთა ნუსხა და დავიწყოთ მუშაობა, რათა მინიმუმამდე დავიდეს მათი ინტერესების განხორციელების ალბათობა.

კახა გოგოლაშვილი:

- რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის დათბობა შეიძლება არ იყოს საფრთხის შემცველი, მაგრამ თუ რუსეთი და თურქეთი გახდებიან მოკავშირეები და რეგიონში გაატარებენ ერთობლივ კოორდინირებულ პოლიტიკას, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი საგარეო მისწრაფებები დაზიანდეს. შესაძლოა, პირველ რიგში ეს შეეხოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების სტატუსს. უშუალოდ აღიარება ალბათ არ მოხდება, მაგრამ შეიძლება თურქეთი აღარ იყოს კონსტრუქციული ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, თურქეთი ჩვენი მხარდამჭერი იყო ნატო-სთან მიმართებაში და არაა გამორიცხული, მათი მხარდაჭერა შემცირდეს. ევროკავშირთან ურთიერთობაში თურქეთი მიისწრაფვოდა ევროპისაკენ და ეს ჩვენთვის იყო ძალიან კარგი, რადგან რაც უფრო დაუახლოვდებოდა თურქეთი ევროკავშირს, ჩვენთვის ეს უფრო მომგებიანი იქნებოდა, ხოლო თუ თურქეთმა ევროპისაკენ სვლა შეაჩერა, ეს ჩვენთვის საზიანო აღმოჩნდება. საქართველოს სამხედრო განვითარებაში დიდი წვლილი აქვს თურქეთს, რომელიც მუდამ მხარში გვედგა და შესაძლოა, რუსეთის გავლენით ამ მიმართულებითაც შემცირდეს თურქეთის მხარადჭერა. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ რუსეთ-თურქეთი დაახლოვდებიან, შეიძლება საქართველომ სტრატეგიული პარტნიორი დაკარგოს.

- რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ?

- სამწუხაროდ, მოვლენების განვითარება საქართველოზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ერთადერთი რაც ჩვენმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, ისაა რომ კიდევ უფრო მტკიცედ გააგრძელოს არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსი, თუ დასაველთის მხადაჭერა თურქეთის მიმართ შესუსტდა, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს როლი კიდევ უფრო გაიზარდოს, როგორც ევროკავშირისთვის, ისე ნატოში შემავალი ქვეყნებისათვის. შეიძლება მათ საქართველო დასჭირდეთ როგორც მაგალითი, რომელიც რეგიონში დემოკრატიისა და განვითარების დასავლურ მოდელს გვთავაზობს. ჩვენ რომ ლავირება დავიწყოთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა დაიკარგება, ჩვენ არ უნდა გავხდეთ მონეტა, რომელსაც ცვლიან იმაზე რაზეც მოესურვებათ, ამიტომ უნდა ვიყოთ მყარი ჩვენ კურსში და რაც არ უნდა მოხდეს სამეზობლოში, ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი ორიენტაცია ხაზგასმით უნდა დააფიქსიროს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიმსახურებთ ნამდვილ პატივისცემას მსოფლიო საზოგადოებისაგან, მათ შორის ისეთი ქვეყნებისგანაც კი, რომლებიც გვმტრობენ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."