"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელების შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ბათუმის 68-ე ოლქში აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად, "ქართული ოცნების" სახელით ვახტანგ წულაძე იბრძოლებს. "ვახტანგ წულაძე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსია. ბატონ ვახტანგს აქვს აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, მისი სახით აჭარის უმაღლეს საბჭოს ეყოლება საქმის ერთგული და პროფესიონალი წევრი.
ბათუმის 69-ე ოლქში ჩვენი პარტიიდან წარმოდგენილი იქნება ილია ვერძაძე, იგი გახლავთ პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე. ბატონმა ილიამ ზედმიწევნით კარგად იცის აჭარის მოსახლეობის პრობლემები და, დარწმუნებული ვარ, თავის ცოდნასა და ენერგიას არ დაიშურებს ამ პრობლემების გადასაჭრელად.
ბათუმის 70-ე ოლქში პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს ბატონი ნუგზარ სურმანიძე. ბატონ ნუგზარს აქვს ჯანდაცვის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მთლიანად მოახმარს ბათუმის და მთლიანად აჭარის მოსახლეობის ინტერესებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ქობულეთს, როგორც "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნულ ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი რომანაძე იქნება.
"გიორგი რომანაძე გახლავთ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი. ბატონი გიორგი ქობულეთელი კაცია, იყო ქობულეთის გამგებელი. კარგად იცის ყველა პრობლემა, რომელიც ქობულეთელებს აწუხებთ. დარწუნებული ვარ, იგი ღირსეულად გაართმევს თავს ახალ მოვალეობას ახალი მანდატით.
ხელვაჩაურში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება მერაბ კარანაძე. იგი გახლავთ გამოცდილი ადამიანი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე. დარწმუნებული ვარ, ბატონი მერაბის სახით ხელვაჩაურელებს ეყოლებათ საიმედო წარმომადგენელი აჭარის უმაღლეს საბჭოში.
ხულოში, შუახევსა და ქედაში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს ხვიჩა შარაშიძე. ბატონი ხვიჩა ბიზნესიდან მოდის პოლიტიკაში. იგი წარმატებული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ემსახუროს ხულოს შუახევისა და ქედის მოსახლეობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.