სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

 სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს ზაზა სურმავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ზაზა სურმავას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე დაკავებულისთვის 3 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. ბრალდების ინფორმაციით, ზაზა სურმავამ მოქალაქეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანაში გაუწია დახმარება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის უფროსი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანაში დახმარების ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში დახმარების და დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ზაზა სურმავა დააკავა.

აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით), სსკ-ს 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე) და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე)", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ