რა განცხადებას ავრცელებს სასამართლო ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულების შესახებ

რა განცხადებას ავრცელებს სასამართლო ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულების შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლო ტერაქტის მომაზდების საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სასამართლოს განცხადებაში იმ გარემოებებზეა საუბარი, რის გამოც მოსამართლემ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების საქმეზე დაკავებულ შვიდივე ბრალდებულს, 22 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"ბრალდებულებს: ბექა ბ.-ს, ჯაბა მ.-ს, მინდია ვ.-ს, ვლადიმერ რ.-ს ბრალად ედებათ ტერორისტული აქტის მომზადება, ე. ი. აფეთქების ჯგუფურად მომზადება, რომელიც ქმნის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას; ხოლო ბექა ბ.-ს და ჯაბა მ.-ს ასევე ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება; ხოლო ჯაბა მ.-ს ასევე ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ნუკრი ჭ.-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დახმარება; ირაკლი ბ.-მ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა; ხოლო ლევან მ.-მ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, რამაც სახელმწიფო ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის წარმოშობის მიზნით, სოფელ საგურამოს მიმდებარედ მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის ტერორისტული მიზნით აფეთქებას გეგმავდნენ. კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, სადაც ტყის მასივში არსებული სამალავიდან ამოიღეს ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა, რა დროსაც ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულთა ნაწილს ბრალი ედებათ ჯგუფის მიერ ჩადენილ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, რაც ქმნის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესს. დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზემოხსენებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 10 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ