ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგების გამოცდის შედეგებზე - აღნიშნულ შედეგებში განსაკუთრებით ცუდი არაფერია

ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგების გამოცდის შედეგებზე - აღნიშნულ შედეგებში განსაკუთრებით ცუდი არაფერია

ჩემი აზრით, ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70%-80%-ს ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახინებს, მგონია, რომ არ არის კარგი გამოცდა, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს მასწავლებლის საგნის გამოცდის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

მინისტრის მოსაზრებით, აღნიშნულ შედეგებში განსაკუთრებით ცუდი არაფერია.

"ვფიქრობ, პრობლემა არ გვაქვს. გვაქვს კიდევ ერთი გამოცდის შედეგები. ჩემი პოზიცია ამ გამოცდებთან დაკავშირებით იცით. ჩემი აზრით, ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70%-80%-ს ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახინებს, მგონია, რომ არ არის კარგი გამოცდა. ეს დღეს უკვე იმდენად პრობლემა არ არის, როგორც იყო, რადგან ჩვენ მასწავლებლებს უკვე დავპირდით, რომ იქნება გამოცდის ბევრი ალტერნატივა. საგნის გამოცდა მხოლოდ ერთი მეთოდი იქნება, ასევე იქნება პედაგოგიკის უნარების გამოცდა, ადრე იყო და დავაბრუნებთ, ოღონდ ეს იქნება არჩევითი. მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, გადაწყვიტონ რომელი მიმართულებით წავიდნენ. ასევე, გვექნება კრიტერიუმები, მასწავლებლის სოციალური აქტივობა, ბავშვებთან, მშობლებთან, ოჯახებთან მუშაობა, რათა ბავშვები მეტად დაამოტივირონ, მაგალითად, პროფესიული ორიენტაციის კუთხით ან პატრიოტიზმის კუთხით", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრი ფიქრობს, რომ პედაგოგთა საგნის გამოცდები მომავალშიც გაიმართება, თუმცა საბოლოო შედეგის დადგომაში ეს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი იქნება. მისივე ინფორმაციით, მასწავლებლებს სავარაუდოდ შემოდგომაზე ჩამოყალიბებული ალტერნატივები ექნებათ.

"ინტერპრესნიუსმა" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდის სტატისტიკური მონაცემების თაობაზე, საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

2016 წლის ზაფხულის საგნის გამოცდაზე 22 799 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. მათგან გამოცდაზე არ გამოცხადდა 5 662.

საგნის გამოცდაზე გასული 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა 13 673-მა ვერ მოახერხა.

2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე გასული დაწყებითი კლასის 3024 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 31-მა გადალახა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."