გიორგი მღებრიშვილის საგანგებო განცხადება გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებზე

გიორგი მღებრიშვილის საგანგებო განცხადება გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებზე

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი მივმართავ ყველა მხარეს - ნუ ცდილობენ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი პოლიციელების ჩარევას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა იქნება აღკვეთილი. "ხაზგასმით ვაცხადებ, პირადად მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ დესტაბილიზაციის მცდელობას. ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის სრული დაცვით. ჩვენ ვაგრძელებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდარღვევების და კრიმინალების წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის და ამ ბრძოლაში პოლიცია უკომპრომისო იქნება", - აღნიშნა მღებრიშვილმა. შს მინისტრმა ბოლო პერიოდში გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებზეც ისაუბრა და როგორც განმარტა, შს სამინისტრო დანაშაულთა უმეტესობას ცხელ კვალზე ხსნის. "თავად ხედავთ, რომ თითქმის ყველა დანაშაული უმოკლეს დროში იხსნება, ცხელ კვალზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პრევენცია და აქ საზოგადოების განწყობას, მის თანამშრომლობასა და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ გააზრებული არჩევანი - გვინდა პოტენციური დამნაშავეების ინსინუაციების დაქვემდებარება და მათი თამაშის პირობების მიღება, თუ ჩვენი პოლიციელებისთვის და შესაბამისად უსაფრთხოებისთვის მხარდაჭერა", - დასძინა მინისტრმა.

ასევე იხილეთ: ზეწოლა პოლიციელების მხრიდან - რას პასუხობს შს მინისტრი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს

წაიკითხეთ: პოლიციელების ზეწოლის გახმაურებული ფაქტები და საქმეები, სადაც სამართალდამცველთა ბრალეულობა იკვეთება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ