"როგორც მიცვალებული, ისე ვყავდი რვა პოლიციელს ჰაერში ატაცებული..." - მინდია ოჯახიშვილი დაკავების დეტალებზე

"როგორც მიცვალებული, ისე ვყავდი რვა პოლიციელს ჰაერში ატაცებული..." - მინდია ოჯახიშვილი დაკავების დეტალებზე

პოლიციელმა თავში ძლიერად დამარტყა, რის გამოც ინერციით გადავწექი მეორე სავარძლისკენ და ამ დროს ვიგრძენი, რომ მაისურს მიღმა იარაღი ჩამიდეს, - ამის შესახებ ორი დღის წინ დაკავებულმა სპორტსმენმა მინდია ოჯახიშვილმა ხელვაჩაურის სასამართლოს სხდომის დროს მოსამართლეს განუცხადა.

მისი თქმით, პოლიციას არ განუმარტავს, რისთვის აკავებდნენ. ოჯახიშვილი სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც ადანაშაულებს.

"პატრულის ეკიპაჟმა გამაჩერა, შემდეგ კი ორი პოლიციელი მოვიდა, ერთმა კარი გამოაღო და მითხრა - ჩაჯდა მანქანაში და ხელები დააწყე საჭესთან. 15 წუთში მოვიდა პოლიციის რამდენიმე მანქანა და ბევრი პოლიციელი. ჩემს მანქანასთან მოვიდა ერთ-ერთი, გამოაღო ჩემი მხრიდან კარი და ძლიერად დამარტყა თავში, რის გამოც ინერციით გადავწექი მეორე სავარძლისკენ. ამ დროს ვიგრძენი, რომ მაისურს მიღმა რკინის მეტალი შემეხო. ვიყვირე, ბიჭო, რას მიკეთებთ. ამ დროს ერთმა კისერზე მომქაჩა, ერთმა ფეხზე, მანქანიდან გადათრევის დროს თავი მიმარტყმევინეს, რის გამოც წამიერად გონებაც დავკარგე, ჩავვარდი ძირს, ვყვიროდი, იარაღს რატომ მიდებთ. ამ დროს მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფა, ჰაერში ამწიეს, როგორც მიცვალებულს ასწევენ, ისე ვყავდი რვა პოლიციელს ჰაერში ატაცებული. ვყვიროდი, გარშემო მყოფ ხალხს ვეუბნებოდი, რომ იარაღს მიდებდნენ და დამხმარებოდნენ", - აღნიშნა მინდია ოჯახიშვილმა.

დღევანდელ პროცესზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ოჯახიშვილს ბრალი დაუმძიმდა და ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც ედავებიან, რასაც მინდია ოჯახიშვილი უარყოფს.

პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა მიმალვის საშიშროების არსებობის გამო, ოჯახიშვილის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ კი შუამდგომლობა დააყენა და 20-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მინდია ოჯახიშვილის გათავისუფლება მოითხოვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ