ბათუმში დაკავებულ სპორტსმენ მინდია ოჯახიშვილს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში დაკავებულ სპორტსმენ მინდია ოჯახიშვილს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში დაკავებულ სპორტსმენ მინდია ოჯახიშვილს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა მიმალვის საშიშროების არსებობის გამო, ოჯახიშვილის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ კი შუამდგომლობა დააყენა და 20-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მინდია ოჯახიშვილის გათავისუფლება მოითხოვა.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მინდია ოჯახიშვილი პატიმრობაში დატოვა.

ვიდრე პატიმრობა შეეფარდებოდა, მინდია ოჯახიშვილმა ხელვაჩაურის სასამართლოს სხდომის დროს მოსამართლეს განუცხადა, რომ პოლიციელმა თავში ძლიერად დაარტყა, რის გამოც ინერციით გადაწვა და ამ დროს იგრძნო, რომ იარაღი ჩაუდეს.

ოჯახიშვილი სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც ადანაშაულებს.

"პატრულის ეკიპაჟმა გამაჩერა, შემდეგ კი ორი პოლიციელი მოვიდა, ერთმა კარი გამოაღო და მითხრა - ჩაჯდა მანქანაში და ხელები დააწყე საჭესთან. 15 წუთში მოვიდა პოლიციის რამდენიმე მანქანა და ბევრი პოლიციელი. ჩემს მანქანასთან მოვიდა ერთ-ერთი, გამოაღო ჩემი მხრიდან კარი და ძლიერად დამარტყა თავში, რის გამოც ინერციით გადავწექი მეორე სავარძლისკენ. ამ დროს ვიგრძენი, რომ მაისურს მიღმა რკინის მეტალი შემეხო. ვიყვირე, ბიჭო,რას მიკეთებთ. ამ დროს ერთმა კისერზე მომქაჩა, ერთმა ფეხზე, მანქანიდან გადათრევის დროს თავი მიმარტყმევინეს, რის გამოც წამიერად გონებაც დავკარგე, ჩავვარდი ძირს, ვყვიროდი იარაღს რატომ მიდებთ. ამ დროს მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფა, ჰაერში ამწიეს როგორც მიცვალებულს ასწევენ ისე ვყავდი რვა პოლიციელს ჰაერში ატაცებული. ვყვიროდი, გარშემო მყოფ ხალხს ვეუბნებოდი, რომ იარაღს მიდებდნენ და დამხმარებოდნენ", - აღნიშნა მინდია ოჯახიშვილმა.

დღევანდელ პროცესზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ოჯახიშვილს ბრალი დაუძიმდა და ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც ედავებიან, რასაც მინდია ოჯახიშვილი უარყოფს.

დაკავებულის მშობლები აცხადებენ, რომ გასულ წელს მათი შვილი შეესწრო როგორ ჩაუდეს ნარკოტიკი მის მეგობარს, სასამართლოში მოწმეც იყო, რის გამოც მას სამართალდამცველები ავიწროებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ