თოფაძის პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს - რა დადგენილება გამოსცა ცესკო-მ

 თოფაძის პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს - რა დადგენილება გამოსცა ცესკო-მ

ბლოკი "თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საბოლოო დადგენილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დადგენილებაში ცესკო განმარტავს, რომ ბლოკს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენია.

"საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 115-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და მისი ფოტოსურათი. საარჩევნო ბლოკმა "თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო" მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ცესკოში წარმოადგინა მხოლოდ განცხადება და კანდიდთა სააღრიცხვო ბარათები, თანდართული დოკუმენტაციით (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების ფოტოასლები, ფოტოსურათები, ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ბლოკის მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი პარტიული სია, რაც საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 114-ე მუხლის მე-14 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს საარჩევნო ბლოკის "თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო" საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 114-ე მუხლის მე-14 პუნქტის "გ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1. გაუუქმდეს საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს "თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო" და მის წარმომადგენლებს ზურაბ ტყემალაძესა და ნათია ბედელაძეს, პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო", - ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას დადგენილებაში და აღნიშნულია, რომ ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ამავე დადგენილების მეორე მუხლის მიხედვით, ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადწყვეტილებას საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ბლოკი სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ტყემლაძემ განუცხადა, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ტენდენციური და არასამართლიანია.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თამარ ჟვანიას NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.

"წინა დღეს, ცესკოს თავმჯომარემ სხვადასხვა მედიასაშუალებით გააჟღერა ინფორმაცია, რომ 29 პოლიტიკური პარტიიდან, 28 პარტიამ რეგისტრაცია წარმატებით გაიარა, ამ 28 პარტიაში ვიყავით ჩვენც, თუმცა მეორე დღეს, დილით, 08 საათზე ვიგებთ, რომ მოხსნილი ვართ რეგისტრაციიდან. არგუმენტი, რომ ჩვენ არ წარვადგინეთ სიითი შემადგენლობა, მტკნარი სიცრუეა.

შეხვედრა მქონდა ცესკოს თვმჯდომარესთან და ვკითხე, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მითხრა, რომ დაურეკეს NDI- დან და IRI-დან. დავინტერესდდი, თუ რა უფლებით დაურეკეს, რაზეც ვერ მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხი. ამით არაფრის მტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ამ ყველაფერმა გამიჩინა კითხვის ნიშნები.

მიღებულ გადაწყვეტილებაში არის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, ამ ეტაპზე ჩვენი იურისტების მხრიდან მიმდინარეობს მათი შესწავლა და უფრო დეტალურად მოგვიანებით შემეძლება საუბარი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას," - განაცხადა ზურაბ ტყემელაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."