ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ

ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება. ამის შესახებ როსტოშვილისა და კურტანიძის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

აღნიშნული მოტივით ადვოკატმა პროცესის გადადება იშუამდგომლა, რომელზეც მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ. მოსამართლემ ბრალდების შესავალი სიტყვა მოისმინა, რის შემდეგაც პროცესი 13 ოქტომბრამდე გადადო, რათა ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა პოზიციები შეაჯერონ ან არსებითი განხილვისთვის მოემზადონ.

როგორც ბრალდებულების ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების ინიციატივა პროკურატურისგან მოდის, რასაც ბრალდებულებიც დათანხმდნენ.

მისივე თქმით, ამჟამად მოლაპარაკებები სასჯელის ვადაზე მიმდინარეობს, რადგან პროკურატურის შეთავაზება ამ ეტაპზე რეალური სასჯელია, დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის პირობითი მსჯავრის დაკისრებას ითხოვს.

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 20 ივლისს გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული მსახიობი ლაშა კურტანიძეც.

აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი ჩანაცვლების შესახებ ბრალდებულთა ადვოკატმა იშუამდგომლა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ორივე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ