ბავშვზე ძალადობა საქართველოში - რამდენი მცირეწლოვანი ჩამოართვეს მშობლებს ბოლო წლებში

ბავშვზე ძალადობა საქართველოში - რამდენი მცირეწლოვანი ჩამოართვეს მშობლებს ბოლო წლებში

საქართველოში საზოგადოების 30% აღნიშნავს, რომ ბავშვობაში მშობლები მათ მიმართ ფიზიკურ ძალას ხშირად იყენებდნენ, ხოლო ბავშვის დასჯის ამ ფორმას დასაშვებად 45% მიიჩნევს.

ბავშვზე ძალადობად არამხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლაც მიიჩნევა. თუ გავითვალისწინებთ, რომ "იუნისეფის" 2013 წლის კვლევის მიხედვით, საზოგადოების 60% ფიქრობს, რომ ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი, აქ უკვე ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან გვაქვს საქმე. აღზრდის მკაცრი მეთოდების მომხრეთა რაოდენობა ყველაზე მაღალია აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში - 69-70%.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახურის უფროსის ეთერ ცხაკაიას თქმით, 2010 წლიდან, რაც სახელმწიფომ ბავშვზე ძალადობის აღკვეთის მიმართულებით მუშაობა აქტიურად დაიწყო, მსგავსი შემთხვევების გამოვლენის ფაქტები ნელ-ნელა იზრდება, რაც სააგენტოს მიერ დანერგილი პროგრამისა და საზოგადოების ჩართულობის შედეგია:

"2010 წლამდე საქართველოში ბავშვზე ძალადობის სტატისტიკა არ არსებობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მომართვიანობა ძალიან დიდი იყო, მათ შორის არამხოლოდ მათგან, ვისაც მსგავსი ფაქტების დაფიქსირება ევალება, არამედ მოქალაქეებისგანაც" - აღნიშნავს ცხაკაია და დასძენს, რომ ძალადობის შემთხვევაში ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის გაყვანა სახელმწიფოს მიერ მიღებული უკიდურესი ზომაა, რადგანაც ქვეყნის მიდგომა ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში აღზრდაა.

"სოციალური მუშაკები უკვე ძალადობაგანცდილ ბავშვთან იწყებენ მუშაობას, მას შემდეგ რაც პოლიციის შემაკავებელი ორდერის საფუძველზე ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა ხდება. მისი უფლებამოსილება ბავშვისა და ბავშვის ოჯახის შეფასება, მათი ზედამხედველობაა. როგორც წესი, უმჯობესია, ოჯახი მოძალადემ დატოვოს, ვიდრე ბავშვმა და ძირითადად, ასეც ხდება. ბავშვის ოჯახიდან გაყვანის შემთხვევაში, სოციალური მუშაკი თავდაპირველად იმ ნათესაურ გარემოს ეძებს, სადაც ბავშვი თავს კომფორტულად იგძნობს, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, ის უკვე სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშაა, რომელიც შეიძლება მინდობითი აღზრდა ან მცირე საოჯახო ტიპის სახლი იყოს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, სოციალური მუშაკი ცდილობს ბავშვი ბიოლოგიურ გარემოში დააბრუნოს" - აღნიშნავს სპეციალისტი.

ცხაკაიას თქმით, ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ყველა იმ დაწერებულებას ევალება, რომელიც ბავშვთან ურთიერთობს. მათ შორის: სკოლას, სამედიცინო დაწესებულებას, სოფლის ექიმს, ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საუბნო სამსახურსა და საპატრულო პოლიციას.

სააგენტოსთვის მიმართვა ნებისმიერ იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციას ფლობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის თქმით, ეს აუცილებელიცაა, რადგან 2011 წელს, მცხეთის რაიონ სოფელ მისაქციელში 5 წლის ბავშვის მკვლელობის ფაქტი, როცა დედამ არასრულწლოვანი შვილი შეშის ნაჭრის თავში ჩარტყმით მოკლა, საზოგადოების გულგრილობის შედეგიც იყო.

"მკვლელობის შემდეგ, ტელევიზიით ვნახე მეზობლების კომენტარები, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ დედის მიერ ბავშვზე ძალადობაზე იცოდნენ, თუმცა რეაგირება არ მოახდინეს, შემდეგ კი ნანობდნენ, მაგრამ ასეთი გულგრილობა ფატალური შედეგით დასრულდა" - აღნიშნავს ცხაკაია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, 2014 წლიდან მშობლების მიერ ბავშვზე უარის თქმის ფაქტები მცირდება, გარდა ამისა, იკლებს ძალადობის გამო არასრულწლოვნის ოჯახიდან გაყვანისა და მშობლებისთვის მეურვეობის უფლების ჩამორთმევის ფაქტებიც:

  • 2014 წელს ოჯახში ბავშვზე ძალადობის 211 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 19 საქმე მშობლებისთვის მეურვეობის უფლების შეზღუდვით დასრულდა
  • 2015 წელს - 421 დადასტურებული ფაქტიდან, 20 შემთხვევაში მშობლის უფლებების შეზღუდვა მოხდა
  • 2016 წლის სტატისტიკით 281 ძალადობრივი ფაქტიდან, 19-ჯერ სახელმწიფომ ბავშვი ბიოლოგიური ოჯახიდან გაიყვანა
მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსის, ეთერ ცხაკაიას თქმით, მზარდი სტატისტიკა, საზოგადოების ჩართულობისა და ძალადობის ფაქტების გამოვლენის შედეგია, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვების ძალადობისგან დაცვასა და მათ ბიოლოგიურ ოჯახებში ინტეგრირებაში ეხმარება:

"საზოგადოებაში მიდგომების შეცვლა, ცხადია საინფორმაციო კამპანიით უნდა დაიწყოს, ამაზე ყველა შესაბამისმა სტრუქტურამ უნდა იმუშაოს, რათა ძალადობა აღზრდის მეთოდად არ იყოს მიჩნეული. ძალიან ხშირ შემთხვევაში, მშობლებს არ აქვთ გაცნობიერებული, რომ ისინი ბავშვზე ძალადობენ, რადგან დედისა და მამის ჩხუბიც ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და ასეთი ფაქტების გამოვლენის შემდეგ, ჩვენ ვმუშაობთ მათთან და ვეხმარებით ამის გაცნობიერებაში," - აღნიშნა სპეციალისტმა.

ბავშვზე ძალადობის ფაქტზე ინფორმაციის ფლობის ან ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე 15 05, რითათ, შესაძლოა, არასრულწლოვანი ძლიერი ზეწოლისგან იხსნათ.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

3-12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს - სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

"ჩემი შვილი ბაღიდან დალურჯებული გამოვიყვანე... პედაგოგმა სახეში დაარტყა" - სავარაუდო ძალადობა 3 წლის ბავშვზე და 128-ე ბაღის პასუხი

"როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა - ქვეყანა ვერ ჩაიკეტება" - პაატა იმნაძე