"რესპუბლიკური პარტია" ბათუმში ახლად გახსნილი თურქული სკოლის ფუნქციონირების შეჩერებას ითხოვს

"რესპუბლიკური პარტია" ბათუმში ახლად გახსნილი თურქული სკოლის ფუნქციონირების შეჩერებას ითხოვს

მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება, პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა მიიღონ შესაბამისი ზომები და ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა შეკითხვას, სკოლამ დროებით შეაჩეროს ფუნქციონირება, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ბათუმში ახლად გახსნილი თურქული სკოლის საკითხზე კომენტირების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს კანონმდებლობის იგნორირებით გაიხსნა თურქული სკოლა, რაც საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლობასა და უყურადღებობაზე მიუთითებს.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი სხვადასხვა საკითხის სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს, მათ შორის უცხო ქვეყნის პედაგოგების შრომითი უფლებების კუთხით.

"საქართველოს განათლების სამინისტროსა და თურქეთის საელჩოს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევის გარეშე, გუშინ მოულოდნელად ბათუმში გაიხსნა თურქული სკოლა საქართველოს კანონმდებლობის სრული იგნორირებით, საქარველოსა და აჭარის შესაბამისი სამინისტროების ინფორმირების გარეშე, თურქეთის მხრიდან ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობით. ბათუმის მერიას არ გაუცია მშენებლობის ნებართვა, რის გამოც სკოლა არაერთხელ დაჯარიმდა. სკოლას არ გაუვლია აკრედიტაცია და ავტორიზაცია. ასევე ცალკე აღსანიშნავია და შესასწავლია სკოლაში დასაქმებული თურქეთის მოქალაქეების შრომითი უფლებები, რაც არა მხოლოდ კონკრეტულად ამ სკოლის საკითხია, არამედ მთელ საქართველოში შესასწავლი საკითხია. აღნიშნული ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა უპასუხისმგებლოდ, უყურადღებოდ მოეკიდა საკითხს. ამას ადასტურებს განათლების მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ ის მოლაპარაკებების ეტაპზე არ იყო საქმის კურსში სკოლის შენობის უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით.

თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც საქართველოს აქვს პრაქტიკულად ყველა სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის განათლების სფეროშიც, ამიტომ "რესპუბლიკური პარტია" მოელის, რომ საქართველოს და თურქეთის შესაბამისი უწყებები დროულად მოაგვარებენ საკითხს კანონმდებლობის შესაბამისად", - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ბათუმის მერიამ შესაძლოა ქალაქში ორი დღის წინ გახსნილი სკოლის დემონტაჟი მოითხოვოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის მერიაში განუცხადეს, სკოლის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვა არ გაუციათ. მათივე განმარტებით, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო ნებართვის უქონლობის გამო სკოლა რამდენჯერმე დააჯარიმა, მათ შორის ბოლოს 9 000 ლარით.

ახალი სკოლა, რომელიც თურქეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული, ბათუმში ორი დღის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას თურქეთის განათლების სამინისტროს, ასევე საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, სკოლაში სწავლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ. პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან. სწავლება თურქულ ენაზე მოხდება, სასწავლო პროგრამა კი თურქეთის განათლების სამინისტროს დაექვემდებარება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლის გახსნასთან დაკავშირებით ისინი ინფორმირებული არ ყოფილან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."