ირაკლი ოქრუაშვილი - ერთმა ინტრიგანმა სოფლის ადვოკატმა ჩემზე აბსურდული ინფორმაცია გაავრცელა

ირაკლი ოქრუაშვილი - ერთმა ინტრიგანმა სოფლის ადვოკატმა ჩემზე აბსურდული ინფორმაცია გაავრცელა

საია-ს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გორის მაჟორიტარობის კანდიდატი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა.

ოქრუაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ასევე აბსურდულს უწოდებს იმ ინფორმაციას, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მამუკა ნოზაძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის შტაბის წარმომადგენლებმა ამომრჩევლის მოსყიდვა სცადეს და მათ პროდუქტები გადასცეს.

"მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამასწინათ ერთმა სოფლის ადვოკატმა, ინტრიგანმა ნოზაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 13 სექტემბრიდან ვიმყოფებოდი საავადმყოფოში და ამ ფაქტთან არანაირი შეხება არ მქონია, ისევე როგორც არც ერთ ჩემს წარმომადგენელს მსგავსი ფაქტი არ ჩაუდენია. ჩემი სახელით არავის არ გაუკეთებია მსგავსი რამ. თუ ვინმემ ეს გააკეთა შეგნებულად, რომ ჩვენს სახელს ჩრდილი მიაყენოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ოქრუაშვილმა.

იგი გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერებმა ქალაქში არსებული ყველა ის ადგილი აითვისეს, რომელიც სააგიტაციო მასალებისთვის იყო გამოყოფილი.

"ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი იყო ჩვენს პლაკატებთან დაკავშირებით და თქვენ თვითონ ნახეთ რა ხდება რეალურად. მეორე დღესვე მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა ააჭრელა ქალაქი თავისი პლაკატებით, ისე, რომ ჩვენი პლაკატები გამოჩნდა მათთან შედარებით მიზერული", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მანვე მედიის წარმომადგენლებს ქალაქში გადაღებული ფოტომასალაც წარუდგინა, სადაც ერთ შემთხვევაში ოქრუაშვილის სააგიტაციო პლაკატებზე წითელი საღებავია შესხმული, მეორეგან კი მის საარჩევნო პლაკატებზე ზემოდან "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო პლაკატებია გადაკრული.

"ამ პირველ შემთხვევაში ესაა "ნაციონალების" გაკეთებული. მეორე შემთხვევაში კი შეგიძლიათ მითხრათ რა ჰქვია "ქართული ოცნების" ამ საქციელს? ყოველივე ეს არის იმის ნიშანი, რომ ესენი არჩევნებს აგებენ. ხოლო რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების გასაჩივრებას, არ ვაპირებ მეც ზემოდან გადავაკრა პლაკატები და ასევე არ ვაპირებ ამ იაფასიან "ტრიუკებში" ჩაბმას", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."