რა უფლებები აქვთ პარტიების აგიტატორებს, რომლებიც სახლში გაკითხავენ

რა უფლებები აქვთ პარტიების აგიტატორებს, რომლებიც სახლში გაკითხავენ

"ნათელი მომავალი ქართულ ოცნებასთან ერთად"; "ვის აძლევთ ხმას, შეგიძლიათ მითხრათ?"; "ჩვენ დაგვიჭირეთ მხარი და დახმარებებს მიიღებთ" - ასე იწყებენ პარტიების წარმომადგენლები კარდაკარ კამპანიას და ამომრჩევლის მოზიდვას ცდილობენ. საზოგადოების ნაწილი უსმენს, ნაწილი კი ღიზიანდება. ხშირად ერთსა და იმავე ოჯახში სხვადასხვა პარტიის აგიტატორი რამდენჯერმე მიდის, კითხვები კი მსგავსია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოც, რომელზეც ასახულია სახლის კარზე გამოკრული განცხადება, რომლის ავტორი სავარაუდოდ ძალიან შეაწუხა აგიტატორების სიმრავლემ: "ამ სახლში იზრდება სამი გონიერი ერის შვილი და გთხოვთ აცადოთ ძილი, რათა მათი გონება განვითარდეს უფრო უკეთ. პატივისცემით დედის ადმინისტრაცია".

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბრისას მოქალაქეები ამბობენ, მათთან ოჯახში ერთი და იგივე ადამიანი რამდენჯერმე მიდის.

ნინო სილაგაძე: ჩემთან სახლში იყვნენ "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები, მათ მირჩიეს და რეკომენდაცია მომცეს, რომ ხმა მათი მაჟორიტარი კანდიდატისთვის მიმეცა, მაჩვენეს ფურცელი, სადაც მათი კანდიდატის შესახებ იყო ინფორმაცია. რამდენჯერმე მოვიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, დაინტერესდნენ ხმას მათ ვაძლევდით თუ არა. ერთი ქალბატონი არაერთხელ დაგვიკავშირდა, თავდაპირველად დაინტერესდა, ხმას მათ ვაძლევდით თუ არა და შემდეგ მივდიოდით თუ არა არჩევნებზე. როდესაც ჩემი ოჯახის წევრმა უთხრა, რომ არჩევნებზე არ მიდიოდა, ესეც ჩაინიშნა.

ლელა თოთაძე: აგიტატორები სხვადასხვა პარტიებიდან დადიან. "პატრიოტთა ალიანსიდან" იყვნენ, მოიტანეს გაზეთი და ბუკლეტი, კითხვებიც ზოგადი ხასიათის იყო. აღრიცხვა აწარმოეს, ოჯახში რამდენი წევრი ვიყავით და არჩევნებზე თუ მივდიოდით. "ქართულ ოცნებას" ჰქონდა გამაფრთხილებელი ტონი, რომ არჩევნებზე უნდა მივსულიყავი და მხარი მათთვის დამეჭირა. მთავარი კითხვები იყო - მივდივართ თუ არა არჩევნებზე და მხარს ვის ვუჭერთ".

იმის გასარკვევად რა დავალებებს იღებენ კოორდინატორები პარტიიდან AMBEBI.GE რამდენიმე პარტიას დაუკავშირდა.

"პატრიოტთა ალიანსის" პრესსამსახურში განგვიცხადეს: "ისინი წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევიან. კარდაკარ ითვლიან ხმას ვის აძლევენ ან არიან თუ არა ჩვენი მომხრეები და პროგრამას აცნობენ. ამომრჩეველს სხვა რა უნდა უთხრან?! ჩვენ არ ვეუბნებით, რომ ხმა გინდა თუ არა ჩვენ უნდა მოგვცენ, ეს უკვე ამომრჩეველზეა დამოკიდებული. ზეწოლას ჩვენგან ადგილი არ აქვს".

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში განმარტეს, რომ საკითხზე პარტიის პოზიცია ასეთია: "მსგავს რაღაცეებზე ჩვენს კოორდინატორებს არანაირი მითითებები და ტრენინგები არ უტარდებათ. კოორდინატორების საქმეა ოფიციალურად მივიდნენ და გარკვეულ კითხვარზე პასუხი ნებაყოფლობით გააცემინონ ამომრჩეველს. ჯიქურ ჩაკითხვები, რომ ჩვენ უნდა მოგვცე ხმა, მსგავსი რაღაცეები არ ხდება".

AMBEBI.GE დაინტერესდა, რისი უფლება აქვს კარდაკარის დროს პარტიის წარმომადგენელს:

როგორც "სამართლიანი არჩევნების" იურისტმა ნინო რიჟამაძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა, პოლიტიკურ პარტიებს კარდაკარის უფლება აქვთ, თუმცა პირის ნების საწინააღმდეგოდ არ შეიძლება პირადი მონაცემების შეგროვება:

"პოლიტიკურ პარტიებს კარდაკარის უფლება შეუზღუდავი აქვთ, თუმცა ზღვარი შეიძლება ბევრ ასპექტს მოიცავდეს. მაგალითად, პირის პირადი მონაცემების შეგროვება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ შეიძლება. ამომრჩეველს თუ თავის პარტიას წარუდგენს, ეს ჩვეულებრივი გამოხატვის ფორმაა, თუმცა მოსახლეობას უფლება აქვს არ მოუსმინოს", - აღნიშნა იურისტმა.

კარდაკარის დროს პარტიების უფლებების გასარკვევად AMBEBI.GE ცესკო-საც დაუკავშირდა, თუმცა როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, ეს საკითხები მათ არ ეხებათ.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."