"რუსთავი 2"-მა კვლევა გააყალბა? - შალვა რამიშვილის მტკიცებით, GFK-ის კვლევის რეალური შედეგები განსხვავებულია

"რუსთავი 2"-მა კვლევა გააყალბა? - შალვა რამიშვილის მტკიცებით, GFK-ის კვლევის რეალური შედეგები განსხვავებულია

შალვა რამიშვილის მტკიცებით, GFK-ის კვლევის რეალური შედეგებით, "ქართულ ოცნებას" 25.4%, ხოლო "ნაცმოძრაობას"- 12.5%-აქვს "თავისუფალი ზონის" ყოფილმა წევრმა ბესო კალაძემ ჟურნალისტ შალვა რამიშვილთან ერთად მის ხელთ არსებული კვლევის მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მონაცემები GFK-ის კვლევის რეალურ შედეგებს ასახავს, რომელიც "რუსთავი 2-მა" დაუკვეთა. რამიშვილი და კალაძე აღნიშნავენ, რომ კალაძეს კვლევის გამოქვეყნებამდე (1 ოქტომბერი) რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა როგორც რეალური შედეგები, ასევე ის "გაყალბებული" მონაცემები, რომელსაც "რუსთავი 2" გამოაქვეყნებდა. აღნიშნული მონაცემები 2 დოკუმენტის სახით (გაყალბებული და რეალური) კალაძეს ნოტარიუსთან ჰქონდა შენახული, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაასაჯაროვა.

რამიშვილის თქმით, კალაძის ხელთ არსებული "გაყალბებული" მონაცემები და "რუსთავი 2-ის" მიერ გამოქვეყნებული შედეგები ერთმანეთს ემთხვევა. მისივე თქმით, GFK-ის კვლევის რეალური შედეგები აჩვენებს, რომ "ქართულ ოცნებას" 25.4%-იანი, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 12.5%-იანი მხარდაჭერა აქვს. საუბარია იმ ამომრჩეველზე ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

კალაძე აცხადებს, რომ იმ პირის ვინაობას, ვინც ეს მონაცემები მიაწოდა, ვერ დაასახელებს.

GFK-ის კვლევის თანახმად, პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას გამოკითხულთა 26% მისცემდა, "ქართულ ოცნებას" კი 25.4%. აღნიშნული კვლევის შედეგები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა 1-ელ ოქტომბერს გაავრცელა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხულთა 3.8% ხმას "ლეიბორისტულ პარტიას", 3.6% "თავისუფალ დემოკრატებს", 2.6% მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის", 1.5% "დემოკრატიულ მოძრაობას", 1,5% "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებულ ოპოზიციას", 0.4% კი "რესპუბლიკურ პარტიას " მისცემდა.

პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგების თანახმად, მხოლოდ თბილისში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას 24.4%, "ქართულ ოცნებას" კი 23.3% მისცემდა. რაც შეეხება რეგიონებს აქ "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას 26.5%, "ქართულ ოცნებას" კი 26.2% მისცემდა.

წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, კომპანია GFK-მ, 2016 წლის 12-25 სექტემბერის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირდაპირი გამოკითხვის გზით გამოიკითხა 2200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნია. შესაძლო ცდომილება +/–2.1%-ია.