რას გულისხმობს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელსაც "უპრეცედენტო პროექტად" მოიხსენიებენ

რას გულისხმობს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელსაც "უპრეცედენტო პროექტად" მოიხსენიებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაიხსნა. უპრეცედენტო პროექტი მთელს რეგიონში, - ასე შეაფასა ცენტრის გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ცენტრის მეშვეობით, საქართველოში დანაშაული 20-30%-ით შემცირდება, ასევე იკლებს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი და დარეგულირდება საგზაო მოძრაობა.

შს მინისტრმა კი ცენტრის გახსნას უწყების ისტორიაში განსაკუთრებული ეტაპი უწოდა და აღნიშნა, რომ მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით, შსს-ს მნიშვნელოვანი გარდაქმნა მოხდება.

"არსებითად იცვლება საპოლიცო საქმის მეთოდოლოგია. ჩვენ ვიწყებთ თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვას, უკვე რეალურ დროში. ეს იყო ძალიან ამბიციური პროექტი, თუმცა პრემიერ-მინისტრისა და ჩემი გუნდის მხარდაჭერით, მსურს სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ ეს შევძელით. სამინისტროს ემატება ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც ამავდროულად აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იქნება თითოეული თქვენგანისთვის", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრის თქმით, ცენტრი მულტიფუნქციურია და რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას ერთდროულად ფარავს: უზრუნველყოფს მონიტორინგს, ანალიტიკას, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და მხარდაჭერას. "ეს ნოვაცია საშუალებას მოგვცემს, რეალურ დროში მოხდეს დანაშაულზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია. მოსახლეობაში გაზრდის უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხს, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი. ამასთან სისტემა იძლევა გზებზე სატრანსპორტო რეგულაციის, ავტოსაგზაო დარღვევებზე დროულად რეაგირების საშუალებას. ჩვენ ველით და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ცენტრის შექმნის შემდეგ, ქვეყანაში დანაშაული მნიშვნელოვნად შემცირდება", - განაცხადა მღებრიშვილმა.

"ამ პროექტმა უნდა ჩაანაცვლოს სტატისტიკაზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდანაა საპოლიციო საქმიანობის საზომი. პროექტის სრულად ამოქმედების შემდეგ ჩვენი პოლიცია დანაშაულის შედეგებთან მებრძოლი ძალიდან, გარდაიქმნება დანაშაულის მიზეზების აღმოფხვრაზე მომუშავე ძალად. თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და რისკების ფონზე, საფრთხეების პრევენციისთვის ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ შსს აღნიშნულ რეფორმას იწყებს. ჩვენი არჩევანი ინოვაცია და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვაა", - განაცხადა შს მინისტრმა და მასშტაბური პროექტის განხორციელებაში, უწყებისა და ცენტრის ყველა თანამშრომელს წამრმატება უსურვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ