JPM Strategic Solutions-ის კვლევის თანახმად, "ქართულ ოცნებას“ 36%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 13%-იანი. ტელეკომპანია "იმედმა“ სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნებში სასურველი პარტიისთვის ხმის მიცემას 59% აპირებს.
კვლევის თანახმად, მათი ხმები პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება“ - 36%, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 13%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს - "თავისუფალ დემოკრატებს“ ხმათა 4% ერგო, "ლეიბორისტულ პარტიას“ - 3%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2%, "პატრიოტთა ალიანსს“ - 2%, " ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ - 2%, ხოლო სხვა პარტიებს - 2%.
კვლევის თანახმად, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ან უარს ამბობს პასუხზე ამომრჩეველთა 36%.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს ორ საარჩევნო სუბიექტს - "ქართულ ოცნებასა“ და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, მათი რაოდენობა, წინა კვლევასთან შედარებით, თითქმის 5 პროცენტით - 41,3%-დან 36 %-მდე შემცირდა.
სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია "იმედის“ დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-მა საქართველოს მასშტაბით 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1199 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.8%-ია. კვლევის საველე სამუშაოები "გორბიმ“ ჩაატარა.