რატომ დაიბარეს დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე სუს-ში დაკითხვაზე

რატომ დაიბარეს დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე სუს-ში დაკითხვაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი გამოცხადდა.

როგორც ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმ ფეისბუქგვერდის გამო დაიბარეს დაკითხვაზე, რომელიც მეგობრებთან ერთად შექმნა. მისი თქმით, "საქართველოს ერთგულების სახელით" არავითარი ორგანიზაცია არაა და მხოლოდ ფეისბუქგვერდია, რომელზეც აქტუალიზაცია ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების, როგორიცაა დეოკუპაცია, ევროინტეგრაცია და ა.შ.

ილია ნიკოლაიშვილი ვარაუდობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი დაბარება მის მეუღლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ემსახურება.

"საქართველოს ერთგულების სახელით" ასეთი ფეისბუქგვერდი მეგობრებმა შევქმენით. ეს არაა რაიმე ორგანიზაცია და არც არაფერი. ამ გვერდის საშუალებით ვცდილობთ ისეთი პრობლემების აქტუალიზაციას, როგორიცაა დეოკუპაცია, ევროინტეგრაცია და ა.შ. არასდროს არ ვყოფილვარ პოლიტიკაში და არც საჯარო სამსახურში არ მიმუშავია. ერთადერთი ჩემი მეუღლეა პარლამენტის წევრი და სავარაუდოდ, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით დამიბარეს დაკითხვაზე", - განაცხადა ილია ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ის მასხარის ქუდით მოვიდა, ვინაიდან ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა და უსაფრთხოების სამსახურები ცირკს დაამსგავსა.

"ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა და უსაფრთხოების სამსახურები დაამსგავსა ცირკს და ამიტომ მოვედი მასხარის ქუდით, მინდა სიმბოლურად ფოსტით გავუგზავნო ივანიშვილს თავის შუშის კოლბაში. სამარცხვინოა, რომ ასეთი ადამიანი მართავს ქვეყანას. მას გამოხატვის თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ყველაფერი ჰგონია შეთქმულება და გადატრიალება", - განაცხადა ილია ნიკოლაიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."