"თავისუფალი ზონის" წევრმა რუსკა მჭედლიძემ სუს-ის გამომძიებელს ჩვენება არ მისცა

"თავისუფალი ზონის" წევრმა რუსკა მჭედლიძემ სუს-ის გამომძიებელს ჩვენება არ მისცა

"თავისუფალი ზონის" წევრმა რუსკა მჭედლიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამომძიებელს ჩვენება არ მისცა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თავად განუცხადა. მისი თქმით, საქმის გამომძიებელი თამარ წერეთელი პოლიტიკურად ანგაჟირებულია და ის პირდაპირ ადანაშაულებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.

როგორც შენობიდან გამოსულმა მჭედლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თუკი საქმის გამომძიებელი არ შეიცვლება. მისივე თქმით, დაკითხვის ოთახში გამომძიებელი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და ხმამაღალი ტონით მიმართავდა.

"რომ შევედი ოთახში, ქალბატონმა წერეთელმა განმიცხადა, რომ მე ვაპირებ სახელმწიფო გადატრიალებას, სისხლისღვრას ბენზინებით და ამაში მდებდა ბრალს. ამის გამო ის აღშფოთებული მიყვიროდა. ის ჩემს კარნახს არ წერდა, წერდა, რაც თავად სურდა. მე როდესაც მოვთხოვე, წამეკითხა ჩემი ჩვენება, მან უარი განმიცხადა. ბოლოს ჩაგვირთო ჩამწერი და ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად დავტოვეთ მე და ჩემმა ადვოკატმა ოთახი. არ ვაპირებ თამარ წერეთელს მივცე ჩვენება და მოვითხოვ შეიცვალოს გამომძიებელი. ის არის პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანი და მოიქცა ქაჯივით ამ დაკითხვაზე", - განაცხადა რუსკა მჭედლიძემ.

"თავისუფალი ზონის" წევრი რუსკა მჭედლიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. მისი დაკითხვა რამდენიმე კვირის წინ სოციალური ქსელით გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. მჭედლიძესთან ერთად სუსში გამოცხადდა მისი ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილიც. ამავე საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე გამოძახების შემდეგ დაიკითხნენ "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები ვაჟა მორგოშია და მარიამ ბაშარული, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სავარაუდოდ რევოლუციურ სცენარზე საუბრობდნენ. სუსში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ