„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათ მხარდამჭერ მამა-შვილს 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა ბრიფინგზე განაცხადა.
ტუღუშის ინფორმაციით, თავდაპირველად საბურთალოს მე-6 ოლქში მამუკა კურტანიძეს საარჩევნო უბანის დატოვება აიძულეს, რის შემდეგაც მას და მამამისს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„საბურთალოს მე-6 ოლქში, ჯერ აიძულეს მამუკა კურტანიძე საარჩევნო უბანი დაეტოვებინა, შემდეგ კი მამასთან ერთად ირაკლი კურტანიძესთან, როდესაც საკუთარ სახლთან მივიდა, მათ თავს დაესხნენ პირები, რომლებიც რამდენიმე მანქანით გადაადგილდებოდნენ. 4 მანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 20-მდე პირი და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია და იმედია ამას რეაგირება მოჰყვება. მე მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, მაქსიმალურად ეცადონ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ნუ ჩაიდენენ დანაშაულს. ჩვენ ნებისმიერ ძალადობას ვგმობთ“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
კიდევ ერთი დარღვევა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმში დაფიქსირდა.
„ლაგოდეხის 26-ე უბანზე მე-4 ოლქში, სოფელ მაწიმში, ამომრჩევლებმა მაჟორიტარული არჩევნების საარჩევნო ბიულეტენში ვერ აღმოაჩინეს ჩვენი კანდიდატი, ვინაიდან ამ უბანში მიტანილი იყო დუშეთის კუთვნილი მაჟორიტარული ბიულეტენები. დუშეთი ერთადერთი საარჩევნო ოლქია, სადაც ჩვენ კანდიდატი არ წარგვიდგენია, ანუ ამ ბიულეტენში არ ფიგურირებს 5 ნომერი. 38-მა ადამინმა დუშეთის კუთვნილი ბიულეტენით მისცა ხმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმში. აღსანიშნავია, რომ ეს არის ის უბანი სადაც 2013 წელს ჩვენ მოვიგეთ საპრეზიდენტო არჩევნები და 2014 წლის არჩევნებზე ძალიან კარგი შედეგი გვაქვს ნაჩვენები“, - განაცხადა ტუღუშმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დარღვევის დაფიქსირების შემდეგ საარჩევნო უბანზე კენჭისყრა გაგრძელდა.
„იმედს ვიტოვებთ, რომ კენჭისყრა ნორმალურად ჩაივლის და ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მსგავსი მანიპულაციები ვერანაირად ვერ წაეხმარება „ქართულ ოცნებას“ და იმედს ვიტოვებ სხვა უბნებზე არ დაფიქსირდება მსგავსი შემთხვევები“, - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.