ინციდენტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს მთლიანად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე და მის შეფასებაზე და ყოველ მათგანს მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, -ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღის განმავლობაში საარჩევნო გარემო იყო მშვიდი და არ დაფიქსირებულა რაიმე განსაკუთრებული დარღვევები.
"სწორედ ასე მიმდინარეობს პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სამწუხაროდ, არის გამონაკლისი რამდენიმე საარჩევნო უბანზე, მათ შორის არის მარნეულის 48-ე უბანი, სადაც ინციდენტის აღმოსაფხვრელად გატარდა შესაბამისი ზომები.
ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სრულად დესტრუქციული, ზოგიერთ შემთხვევევაში ძალადობრივი ქცევების მიზანი ჩვენი აზრით არის ის, რომ საარჩევნო პროცესი არ შეფასდეს, როგორც მშვიდი.
ეს ინციდენტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს მთლიანად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე და მის შეფასებაზე და ყოველ მათგანს მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, არის მცდელობა, რომ მსგავსი არეულობა მოხდეს სხვა უბნებზეც, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას", -განაცხადა ჩუგოშვილმა.
"ქართული ოცნება" მოუწოდებს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ იმ უბნებზე, სადაც ასეთ ტიპის ინციდენტები დაფიქსირდა.
"ასევე მოვუწოდებთ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ და დაესწრონ ამ უბნებზე ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების პროცედურებს. აქვე მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ნუ შეეცდებიან ფიზიკურ კონტაქტში შევიდნენ ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებთან", -განაცხადა ჩგოშვილმა.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016