რა შედეგით დასრულდა "ნაციონალური მოძრაობისა" და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა

რა შედეგით დასრულდა "ნაციონალური მოძრაობისა" და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა

ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიასა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეხვედრა დასრულდა. თამარ ჟვანია, მოადგილე გიორგი შარაბიძესთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს - გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძესა და ნიკა მელიას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდა. როგორც ენმ-ის ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ცესკოს თავმჯდომარესთან კონკრეტული შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

"სამწუხაროდ, რაიმე სიურპრიზი არ მომხდარა. აზრი არ აქვს აქ საუბარს. ეს ინსტიტუტი და ეს ხალხი პოლიტიკურად იმდენად დამონებულ მდგომარეობაშია, რომ ვერ შეძლებენ წინააღმდეგობის გაწევას. როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათი თქმით, აიგნორებს მათ თხოვნებს, რომ დაიცვან უბნები, მათ არაფერი არ შეუძლიათ, გარდა ზოგადი მოწოდებისა, რომ დაიცვან წესრიგი",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა ასევე ნიკა მელიამ. მისი თქმით, ამ ქვეყანაში ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს და ამიტომ "ნაციონალურ მოძრაობას" საქმე მასთან აქვს.

"ჩვენს თავთან რომ ვიყოთ მართლები, ეს შეხვედრა იყო აუცილებელი. ჩვენ აქ უნდა მოვსულიყავით, რათა ხვალ, ზეგ და მაზეგ ჩვენ ვიღაცამ არ გვითხრას, იქნებ მისულიყავით, იქნებ რას გეუბნებოდათ ქალბატონი თამარი?! ქალბატონმა თამარმა ვერაფერი ვერ გვითხრა, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არც ქალბატონი თამარი წყვეტს არაფერს, არც გიორგი კვირიკაშვილი, არც შს მინისტრი, არც სხვა ქალბატონები და ბატონები. ამ ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს ერთი ბატონი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ მასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ცესკოს თავმჯდომარის მიმართ დასმულ კითხვებზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა პასუხები ვერ მიიღეს. "ეს ყველაფერი დამთავრდება ამ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გამარჯვებით", - დასძინა ნიკა მელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."