ვის მოემატა და ვის დააკლდა ამომრჩევლის ხმები 2012-დან 2016 წლამდე

ვის მოემატა და ვის დააკლდა ამომრჩევლის ხმები 2012-დან 2016 წლამდე

საინტერესოა, როგორ შეიცვალა ამომრჩევლის განწყობა 4 წლის განმავლობაში - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. დავეყრდნოთ მხოლოდ ციფრებს:

  • 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 61%-მა - 2,215,661-მა მოქალაქემ
  • 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ელექტორატის 51,63%-მა ანუ 1,814,276-მა ამომრჩეველმა
  • 4 წლის წინანდელი არჩევნებისგან განსხვავებით, წელს საარჩევნო ყუთთან 401,385 ამომრჩეველი არ მივიდა
  • 2012 წელს არჩევნებში 25 პარტია მონაწილეობდა, 2016 წელს კი - 16
  • 2012 წელს საარჩევნო ბარიერი 2-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა, 2016 წელს კი პარლამენტში 3 პარტია მოხვდა

2012 წელს არჩევნებში კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა - ხმების 54.97%-ით. კოალიცია შემდეგი პარტიებისგან შედგებოდა - "თავისუფალი დემოკრატები", "კონსერვატორები", "ეროვნული ფორუმი", "რესპუბლიკელები", "მრეწველები", რასაც შემდეგ დაემატა უშუალოდ პარტია "ქართული ოცნება".

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ოთხი წლის წინ ამომრჩეველთა ხმების 40.34% მიიღო.

ასევე წაიკითხეთ: ვინ შეიძლება მოხვდეს ახალ პარლამენტში - სამი პარტიის საარჩევნო სიის სახეები

2016 წელს კოალიცია დაიშალა და ყველა სუბიექტმა ("კონსერვატორების" გამოკლებით) არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა.

"ქართულ ოცნებას" წლევანდელ არჩევნებში ამომრჩეველთა 48.67%-მა მისცა ხმა. მეორე ადგილს იკავებს "ნაციონალური მოძრაობა" ხმათა 27.11%-ით. ბარიერი გადალახა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" - ამ პარტიას ამომრჩეველთა 5.01%-მა გამოუცხადა ნდობა.

ანუ, 2016 წელს პარტია "ქართულმა ოცნებამ" 6,3%-ით ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე 2012 წელს ექვსი პარტიისგან შემდგარმა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ". "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2016 წელს 13%-ით ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე 2012 წელს.

თუმცა, გადავხედოთ, 2016 წლის არჩევნებში საერთო ჯამში რა შედეგებს მიაღწიეს კოალიციიდან წასულმა პარტიებმა, დავაჯამოთ ციფრები და შევადაროთ 2012 წლის კოალიციის მიერ ნაჩვენებ შედეგს.

პარტია "ქართულმა ოცნებამ", როგორც აღვნიშნეთ, ხმების 48,67% მიიღო. "თავისუფალმა დემოკრატებმა" - 4.63%; უსუფაშვილი-რესპუბლიკელებმა - 1.55%; მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 0.78%; "ეროვნულმა ფორუმმა" - 0.73%. შესაბამისად, კოალიციის იმ ყოფილმა წევრებმა, რომელთაც ბარიერი ვერ გადალახეს, საერთო ჯამში ხმების 7,69% მიიღეს.

პარტია "ქართული ოცნების" 48,67% თუ დავუმატებთ ამ 7,69%-ს გამოდის, რომ 2016 წელს ყოფილი კოალიციის წევრებმა საერთო ჯამში მიიღეს ხმების 56,36%. შეგახსენებთ, რომ კოალიციამ 2012 წელს 54,97% მიიღო. ანუ 2016 წელს კოალიციის ყოფილმა წევრებმა ერთად 1,39%-ით მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე ერთიანმა კოალიციამ 2012 წელს.

ასევე წაიკითხეთ: მიიღებს თუ არა "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."